ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება, რომლითაც ბოდიში მოიხადა იესო ქრისტეზე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ხუმრობის გამო და საზოგადოებას შეატყობინა გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ. „არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით”, აღნიშნა საგანგებო ბრიფინგზე გვარამიამ, რომლის თქმითაც, გიორგი გაბუნიას საყვედური გამოუცხადეს მას შემდეგ, რაც ამ თემაზე იმსჯელა ტელეკომპანიის ეთიკის კომისიამ. 18 მარტის გადაცემაში, აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას, გიორგი გაბუნიამ იხუმრა: იესო ქრისტე 2000 წლის წინ ისრაელში კი არ უნდა მოსულიყო, არამედ ახლა აჭარაში - ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, ბიძინა ივანიშნვილმა ყველა ხე თავის ეზოში გადარგოო. ამ ხუმრობის გასაპროტესტებლად 19 მარტს თბილისში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მოხდა დაპირისპირება, რომლის დროსაც პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები“. დაპირისპირების დროს დაშავდა ჟურნალისტი დავით ერაძე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს და დაზიანდა ტელეკომპანიის თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა. ორივე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. როგორც ნიკა გვარამიამ 19 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მორწმუნეებში, რომელთაც „რუსთავი 2“ ბოდიშს უხდის, არ იგულისხმებიან ადამიანები, ვინც 19 მარტის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. „ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენ მიერ ქრისტიანებად, არცერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენ მიერ ქრისტეს მიმდევრად“, აღნიშნა გვარამიამ.
„რუსთავი 2“-მა ბოდიში მოიხადა ქრისტეს შესახებ ხუმრობისათვის და საყვედური გამოუცხადა ჟურნალისტს
ყველაზე პოპულარული
1