Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იან კელი: „არიან ქვეყნები, რომლებსაც ნატოში შესვლისას ჰქონდათ სასაზღვრო დავა“


იან კელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
იან კელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივის განხილვისას, საქართველოში აშშ-ის ელჩი ფასეულად თვლის „ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლის ლუკ კოფის იდეას: საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ალიანსის წესდების მე-5 მუხლის დროებით გაუვრცელებლობის პირობით. იან კელიმ რადიო თავისუფლების შეკითხვაზე პასუხისას, განაცხადა, რომ ვაშინგტონის კვლევით ცენტრებში აქტიურად მსჯელობენ ნატოს გაფართოებასა და ამ საკითხის დღის წესრიგში შენარჩუნებაზე. რაც შეეხება ლუკ კოფის ნაშრომს, ელჩმა აღნიშნა: „მე ეს იდეა ფასეულად ჩავთვალე იმის გამო, რომ ახლებურ მიდგომას უწყობს ხელს და ის ძალიან რეალისტურადაც მიმაჩნია. საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი არის რუსეთი. ორი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც ნატოში გაწევრიანება სურს და ორივეს ტერიტორიის ნაწილი წაგლეჯილი აქვს და მათი საზღვრები დარღვეულია. რაც შეეხება მე-5 მუხლის გავრცელების საკითხს და რაც შეეხება შეჭრას, ალიანსის მიერ დასაცავი ტერიტორიის განსაზღვრას, ამაზე უნდა იფიქროთ. არიან ქვეყნები, რომლებსაც ნატოში შესვლისას ჰქონდათ სასაზღვრო დავა და გაწევრიანებამდე შეუდგნენ მის მოგვარებაზე ზრუნვას. ესენია: საბერძნეთი, თურქეთი, გერმანია. კონკრეტულ მომენტში, საქართველოს მოუწევს იმავეს გაკეთება“, - აცხადებს ელჩი და ფიქრობს, რომ ლუკ კოფის ნაშრომი ამ საკითხის ხაზგასმის რეალურ მიზანს ემსახურებოდა. „მის დოკუმენტში მთავარი სიტყვები იყო „დროებითი შეჩერება“. საქართველომ არასდროს უნდა დათმოს ტერიტორიული მთლიანობა! არ უნდა თქვას უარი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოს პრინციპზე! თუმცა, გერმანიის მსგავსად დროებით უნდა დათმოს ერთიანობის პრინციპი. საქართველოს მოუწევს ამის წინაშე დადგომა“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა 15 მარტს რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად.

XS
SM
MD
LG