სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი ბორჯომის საკრებულოსა და მერიასთან. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას განმარტებით, სამართალდამცავები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობას განაგრძობენ ბორჯომში 28 თებერვალს მომხდარი დაპირისპირების მსგავსი ინციდენტების პრევენციის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 28 თებერვალს დღისით, ბორჯომში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. ოპოზიციური პარტიების წევრებს დაუპირისპირდნენ ბორჯომის მერიის თანამშრომლებიც, რომლებიც საკრებულოში არსებული უთანხმოების გამო მესამე თვეა ხელფასს ვერ იღებენ. ფიზიკურ შეურაცხყოფაში ერთმანეთი დაადანაშაულეს „ქართული ოცნების“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებმა. 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, ბორჯომში ჩავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია. მელიასა და საკრებულოს და მერიის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მოთხოვეს მერიის შენობის დატოვება და მისი პარტიის მმართველობის წლები შეახსენეს. თავად ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ და მისი აქტივისტები ძალადობით ცდილობენ აიძულონ ბორჯომის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დათანხმდნენ მერიაში ხელფასების გაორმაგებას. ბორჯომში მომხდარი დაპირისპირების გამო პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. თავის მხრივ, შსს-მ განაცხადა, რომ პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და გამოძიება დაიწყო დაპირისპირების ორ ფაქტზე. ბორჯომის საკრებულო საქართველოში ერთადერთია, სადაც უმრავლესობაში არიან არა „ქართული ოცნების,“ არამედ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. საკრებულოს 28 წევრიდან 13 „ქართული ოცნებიდანაა,“ 11 „პატრიოტთა ალიანსიდან,“ 2 „ნაციონალური მოძრაობიდან“ და თითო-თითო „ლეიბორისტული პარტიიდან“ და „ევროპული საქართველოდან." ოპოზიციური პარტიები მესამე თვეა უარს ამბობენ ბორჯომის მერიას დაუმტკიცონ საშტატო და სახელფასო ნუსხა, რომელიც ითვალისწინებს თანამდებობის პირებისთვის ხელფასის გაზრდას. ოფიციალური დოკუმენტის არარსებობის გამო ხელფასს ვერც მერიის თანამშრომლები იღებენ. 28 თებერვალს დღისით, საკრებულოს სხდომაზე საკითხის დამტკიცება კვლავ ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მერიის თანამშრომლებმა სამუშაო ოთახიდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს საკრებულოს თავმჯდომარეს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, ზაზა ჩაჩანიძეს. საღამოს საკრებულოს სხდომა მეორედ მოიწვიეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრთან ერთად შეძლეს მერიისგან მიღებული საშტატო და სახელფასო ნუსხის დამტკიცება. ამ სხდომას არალეგიტიმურად აცხადებენ ოპოზიციის დანარჩენი წარმომადგენლები.
ბორჯომის საკრებულოში განვითარებულმა მოვლენებმა სამართალდამცავების მობილიზაცია გამოიწვია
ყველაზე პოპულარული
1