არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ერთიანდებიან კოალიციაში „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“, უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო გარემოებაში გარდაცვალების გამო და მკაცრად გმობენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის არაჰუმანურ ქმედებას და გარდაცვლილის ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებას. კოალიცია საგანგაშოდ თვლის იმას, რომ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე რჩება არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. კოალიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ფედერაციას, რომელიც აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიას. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ „რუსეთის ფედერაციას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას დაუყოვნებლივ გადმოსცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს და უზრუნველყოს საქართველოს ორი მოქალაქისთვის ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთის საშუალება“. განცხადების ავტორი 17 ორგანიზაცია მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოიყენონ ყველა ბერკეტი საქართველოს მოქალაქეების - ქუტაშვილისა და პავლიაშვილის გამოსახსნელად, ასევე, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას გარდაცვალების ფაქტზე დროული და ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად, რათა პასუხისგებაში მიეცეს მკვლელობებში მონაწილე ყველა პირი“. ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ „გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით; მიიღოს ყველა ზომა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად“.
ყველაზე პოპულარული
1