სტუმრად ჩვენს ეთერში: საბა ბრაჭველი
6 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო საბა ბრაჭველი, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. სამშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას. ორშაბათს, 5 თებერვალს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა და განაცხადა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ეროვნულ კანონდებლობას. საბა ბრაჭველმა განმარტა ის რისკები, რომელთა გამოც სახალხო დამცველი თვლის, რომ ჩაბუქის ექსტრადიცია არ უნდა მოხდეს. მიმდინარე პროცესს თვალყურს ადევნებს და სისტემატურად ეხმაურება სამოქალაქო სექტორიც. მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა "დილის საუბრების" ეთერში ილაპარაკა საქმის დღემდე არსებულ გარემოებებზე, საფრთხეებსა და სამართლებრივ გზაზე, რასაც დაცვის მხარე ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების შემთხვევაში მიმართავს. პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება 7 დღის განმავლობაში. თუკი უზენაესი სასამართლო არ შეცვლის საქალაქოს გადაწყვეტილებას, რჩება გზა ევროსასამართლოსკენ.