აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) 18 იანვარს გამოაქვეყნა საქართველოში 2017 წლის ბოლოს ჩატარებული კვლევის მეორე ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსაც მოიცავს. შეკითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 27%-მა უპასუხა, რომ „ქართულ ოცნებას,“ 10%-მა დაასახელა „ნაციონალური მოძრაობა,” 3% ხმას „ევროპულ საქართველოს“ მისცემდა და სხვა პარტიებს 7%. ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა გამოკითხულთა 24%, 15%-მა არ იცის და პასუხზე უარი თქვა 13%-მა. შეკითხვას, რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 31%-მა უპასუხა, რომ „ქართული ოცნება.“ მას მოსდევენ „ნაციონალური მოძრაობა“ 10%-ით, „ევროპული საქართველო“ 4%-ით და „პატრიოტთა ალიანსი“ 3%-ით. გამოკითხულთა 30%-ის შეხედულებებთან ახლოს არ არის არცერთი პარტია, პასუხზე უარი თქვა 12%-მა და არ იცის 5%-მა. NDI-ის დაკვეთით გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა(CRRC). 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2 298 რესპონდენტი. 18 იანვარს გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, NDI-ს და CRRC-ს კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ამომრჩევლებსა და არჩეული თანამდებობის პირებს შორის მზარდი კომუნიკაციის პრობლემაა. გამოკითხულთა 75% ელის, რომ პარლამენტის წევრი პარტიის ინტერესებს დაიცავს და არა მოქალაქეების, ხოლო 55% ელის, რომ პარლამენტის წევრი საკუთარ ინტერესებს დაიცავს და არა მოქალაქეების. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკოსებისადმი დაბალი მოლოდინის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი უჭერს მხარს რომელიმე პარტიას და ეს განსაკუთრებით საინტერესო მიგნებაა, იმის გათვალისწინებით, რომ გამოკითხვა ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში და პარტიული მხარდაჭერის მონაცემები თითქმის უცვლელია წინა კვლევებთან შედარებით. “როგორც ჩანს, მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩევლები, ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში არიან, თუ როდის შესთავაზებენ პარტიები დამაჯერებელ იდეებს იმასთან დაკავშირებით, თუ რით განსხვავდებიან სხვა პარტიებისგან და როგორ აპირებენ უკეთესი შედეგების მიღწევას“ - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა.
ყველაზე პოპულარული
1