Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველებმა რუსეთს სტრასბურგში უჩივლეს გიგა ოთხზორიას მკვლელობის გამო


გიგა ოთხოზორია
გიგა ოთხოზორია

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ ორგანიზაციასთან, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, საჩივარში ასაბუთებს რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული, სიცოცხლის და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებათა დარღვევას. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. 2016 წლის 19 მაისს, გიგა ოთხოზორიას ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ურთიერთშელაპარაკებისას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მიიმალა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების საფუძველზე, ადგილობრივმა სასამართლომ კანჯი-ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა, თუმცა, 2017 წლის 31 მაისს, საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის მოტივით შეწყვიტა გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა. 2017 წლის მარტში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. კანჯი-ოღლი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უარს აცხადებს საქართველოს ხელისუფლებისთვის რაშიდ კანჯი-ოღლის გადაცემაზე.

XS
SM
MD
LG