Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამბობს, რომ მისი ბირთვული იარაღი აშშ-ის მთელ ტერიტორიას წვდება


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მის ქვეყანას შესწევს უნარი ბირთვული იარაღით მიწვდეს აშშ-ის მთელ ტერიტორიას და რომ ბირთვული ღილაკი მის „მაგიდაზეა“. ეს არის რეალობა, არ არის მუქარაო, - თქვა კიმ ჩენ ინმა 1 იანვარს საახალწლო ტელემიმართვის დროს. მისი თქმით, ქვეყანამ „დაასრულა“ ბირთვულ სახელმწიფოდ ქცევის პროცესი და საჭიროა დაჩქარდეს „ბირთვული ქობინებისა და ბალისტიკური რაკეტების მასობრივი წარმოება და მათი განთავსება“. კიმ ჩენ ინმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ასეთ იარაღს გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე შეექმნება მის უსაფრთხოებას. ამავე გამოსვლისას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა უჩველოდ რბილი განცხადებები გააკეთა მეზობლისა და მეტოქის, სამხრეთ კორეის მიმართ: აღნიშნა, რომ „ღიაა გზა“ დიალოგისაკენ ფხენიანსა და სეულს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მანვე თქვა, რომ განიხილავს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩრდილოეთ კორეის გუნდის გაგზავნის საკითხს. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს გაიმართება სამხრეთ კორეაში.

XS
SM
MD
LG