Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ი: ჩატაევის ჯგუფი ტერაქტებს გეგმავდა საქართველოსა და თურქეთში


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ომალოში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 5 პირი, რომლებიც ახმედ ჩატაევს და მისი ჯგუფის წევრებს დაეხმარნენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაში. „გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ამ პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდეგ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში“ - განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სუს-ის წარმომადგენელმა, ნინო გიორგობიანმა. მისი ინფორმაციით, 26 დეკემბერს დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა და დახმარება გაუწიეს ბინის დაქირავებასა და იარაღის მოძიებაში. ნინო გიორგობიანის ცნობითვე, 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილურ ტელეფონებში დაცული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი, საიდანაც ამერიკელ კოლეგებთან ერთად ამოიღეს ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რაცია, დურბინდები, რუკები და სხვა მტკიცებულებები. სუს-ის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დადგენილია, რომ ნოემბერში, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე შვაიბ ბორზიევია, რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნება ტერორიზმის ბრალდებით. „დადგენილია სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების ვინაობაც - რუსეთის მოქალაქე იბრაჰიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტით საქართველოში იმყოფებოდა 2010-2012 წლებშიც და ასლანბეკ სოლტახმადოვი“ - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. მისი ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული, ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიოჩანაწერები, რომელთა მიხედვით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში და მათ მიზანს წარმოადგენდა დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებისა და 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ეს ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში აღიკვეთა“ - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. მისი ინფორმაციით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირის მქონე სხვა პირების გამოსავლენად. ნინო გიორგობიანის ცნობითვე, ახმეტის მუნიციპალიტეტში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულმა ერთმა პირმა, თემილა მაჩალიკაშვილმა სცადა ხელყუმბარის აფეთქება, რის გამოც სამართალდამცავებმა გამოიყენეს პროპორციული ძალა და მაჩალიკაშვილს ესროლეს. ის თავის არეშია დაჭრილი და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

XS
SM
MD
LG