Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: როსტომ გამისონია, ზაალ ანჯაფარიძე და ეკა ღვინჯილია


2 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ზაალ ანჯაფარიძე, ორგანიზაციის - People in Need პროექტის მენეჯერი, როსტომ გამისონია, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს დირექტორი და ეკა ღვინჯილია, PMC კვლევითი ცენტრის პროექტის მენეჯერი. მათ ილაპარაკეს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტზე - "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკის განვითარების ვექტორები". პროექტის მიზანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებ ინფორმაციის გავრცელება და შეთანხმებასთან დაკავშირებულ დეტალებში მცირე მეწარმეების გათვითცნობიერება. პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე ერთგვარი საინფორმაციო ქსელის შექმნას ისე, რომ სოფლად მცხოვრებ პირს დაინტერესების შემთხვევაში შეეძლოს საჭირო ინფორმაციის მიღება DCFTA-ს დეტალებზე. ზაალ ანჯაფარიძემ, რომელიც წარმოადგენს პროექტის ხელმძღვანელ ორგანიზაციას, აღნიშნა, რომ პროექტის ერთ-ერთი ამოცანა რეგიონებში ანტიდასავლური პროპაგანდისა და ევროსკეპტიკური განწყობების დანერგვის მცდელობის განეიტრალებაც არის. პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: "სოფლად თემთა განვითარების სააგენტო", PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია "ათინათი" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსი". ეკა ღვინჯილიას თქმით, პროექტის ფარგლებში მოხდება ისეთი პროდუქტების გამოვლენა, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის ბაზარზე გასვლის პოტენციალი და მოხდება მათი ღირებულებათ ჯაჭვის კვლევა, რაც ახალი სექტორების განვითარების დაგეგმვას შეუწყობს ხელს. როგორც ეკა ღვინჯილიამ განმარტა, ეს გამოკვლევები არ შეეხება იმ პროდუქტებს, რომლებიც უკვე მეტნაკლებად შესულია ევროკავშირის ბაზარზე და როგორიცაა, მაგალითად, თხილი. როსტომ გამისონიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ DCFTA-ს პოპულარიზაცია და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შესრულება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქცია ევროპის ბაზარზე შევა, არამედ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ბაზარზე პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასაც. პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში შეისწავლიან სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებსაც.

XS
SM
MD
LG