სტუმრად ჩვენს ეთერში: რუსუდან ტუშური
21 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რუსუდან ტუშური, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - "ადამიანის უფლებები ყველასათვის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის შუალედურ შეფასებაზე, რომელიც საერთაშორისო ექსპერტმა - მეგი ნიკოლსონმა მოამზადა. ის გასულ წელს პროექტის - "კანონის უზენაესობა საქართველოში" ფარგლებში მოიწვიეს აშშ განვითარების სააგენტომ და გაეროს განვითარების პროგრამამ. ადამიანის უფლებათა საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის ანგარიშში მიმოხილულია როგორ მიღწევები, ისე საკითხები, რომლებიც კვლავაც პრობლემურია და მოგვარებას საჭიროებს. რუსუდან ტუშურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმის კუთხით, თუმცა, მეგი ნიკოლსონის შეფასებით, საჭიროა შემდგომ პერიოდში მეტად გაესვას ხაზი იმას, რომ საკანონმდებლო მუშაობა და მისი განხორციელება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით წარიმართოს. მიღწევებს შორის ექსპერტის შეფასებაში აღნიშნულია, მაგალითად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება. საერთაშორისო ექსპერტის შეფასებით ძირითად პრობლემად რჩება ამ კოდექსის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობები. ზოგადად, პასუხისმგებელი ინსტიტუციებისა და პირების სწავლებისა და სპეციალიზაციის საკითხი სხვა სფეროებთან მიმართებითაც არის ხაზგასმული, მაგალითად, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის ეფექტიანი აღსრულების კონტექსტში. რუსუდან ტუშურმა ილაპარაკა აგრეთვე შშმ პირების უფლებების შესახებ საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვისთვის საჯარო უწყებების კოორდინაციის საჭიროებაზე. შუალედურ შეფასებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ გამოწვევებს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის კუთხით არსებულ ხარვეზებს.