ევროკავშირმა 17 მარტს გაავრცელა განცხადება, რომლითაც გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. რუსეთის ქმედება მოხსენიებულია „პირდაპირ გამოწვევად საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის“. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის ეს განცხადება ერთი დღით წინ უსწრებს ყირიმის ანექსიის მესამე წლისთავს. ანექსიას უკანონოდ მიიჩნევენ უკრაინა, შეერთებული შტატების და გაეროს კიდევ 100-ზე მეტი წევრი. დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთს ყირიმზე კონტროლის დამყარებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარების გამო. აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაიწყო უკრაინის მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის ბრძოლა, რომელმაც, გაეროს მონაცემებით, უკვე 9940-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. უკრაინამ 17 მარტს გამოაცხადა, რომ წინა დღეს დონბასში შეტაკებების შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა რვა ჯარისკაცი.
ყველაზე პოპულარული
1