სტუმრად ჩვენს ეთერში: ზურაბ ბენდიანიშვილი
6 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიციის "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე. გადაცემის დასაწყისში ის შეეხო საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა დაკავების უახლეს ფაქტებს. ზურაბ ბენდიანიშვილმა ილაპარაკა სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე, მის ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებზე. ზურაბ ბენდიანიშვილი თვლის, რომ ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაში. სტუმარმა ილაპარაკა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებაზე რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებების რეაქციებსა და ინტერესებზე. ზურაბ ბენდიანიშვილმა ილაპარაკა აგრეთვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ წარმოდგენილ "სამშვიდობო პოლიტიკის 8 ამოცანაზე" და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პირდაპირი დიალოგისა და სამშვიდობო პოლიტიკის ამოცანებისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციის შესახებ პუნქტებს. "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, პირდაპირ დიალოგში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გარდა უნდა ჩაერთონ პოლიტიკოსებიც.