Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში მარინ ლე პენმა დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია


საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, მარინ ლე პენმა, ოფიციალურად დაიწყო კამპანია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. 48 წლის ლე პენმა 4 თებერვალს გამოაქვეყნა 144 პირობა, მათ შორის ევროს მოქმედების ზონიდან გასვლა და უცხოელი მუშახელის დაქირავებაზე გადასახადების გაზრდა. მისი თქმით, თუ ევროკავშირი არ დათანხმდება ევროს გაუქმებას, ის საფრანგეთში რეფერენდუმს გამართავს ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე. ის ასევე აცხადებს, რომ დატოვებს ნატოს გაერთიანებულ შტაბს, შეამცირებს საპენსიო ასაკს და გაზრდის სოციალური დახმარების პაკეტებს. ლე პენი წერს, რომ არჩევნებზე ის „პატრიოტულ“ არჩევანს წარმოადგენს, მისი მეტოქეები კი „გლობალისტურს“. გავრცელებული ინფორმაციით, ლე პენი კამპანიის ფარგლებში პირველი სიტყვით ლიონში გამოვა, 5 თებერვალს. გამოკითხვების თანახმად, ლე პენი არჩევნების პირველ ტურში, 23 აპრილს, ხმების უმრავლესობას მიიღებს, თუმცა მეორე ტური სავარაუდოდ მაინც საჭირო იქნება. ასეთ შემთხვევაში მეორე ტური გაიმართება 7 მაისს და ლე პენის მეტოქე იქნება ცენტრისტი პოლიტიკოსი, ყოფილი ბანკირი ემანუელ მაკრონი. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლე პენი მესამე ადგილზე იყო, ხმების დაახლოებით 18 პროცენტით.

XS
SM
MD
LG