აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე 900-მდე ამერიკელი დიპლომატი პროტესტს გამოთქვამს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, დროებითი აკრძალვა შემოეღო შეერთებულ შტატებში ლტოლვილებისა და, ძირითადად, მუსლიმებით დასახლებული შვიდი ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე. გასულ კვირაში გამოცემული სააღსრულებო განკარგულების წინააღმდეგ უკმაყოფილების გამოსახატად დიპლომატებმა 31 იანვარს გამოიყენეს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელთათვის მოქმედი ის არხი, რომელსაც დიპლომატიური სამსახურის მუშაკები მიმართავენ ოფიციალური პოლიტიკით უკმაყოფილების შემთხვევაში. თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა დიპლომატების მისამართით განაცხადა, რომ მიღებული ზომები სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემსახურება და ისინი „ან უნდა შეეგუონ პროგრამის არსებობას, ან წავიდნენ.“ უკმაყოფილო დიპლომატების განცხადებით, ტრამპის განკარგულება გაამწვავებს ურთიერთობას მუსლიმურ ქვეყნებთან, გააღვივებს ანტიამერიკულ განწყობას და დააზარალებს იმ პირებს, ვისაც სავსებით ლეგიტიმური მიზეზები აქვს შეერთებულ შტატებში სამოგზაუროდ. გარდა ამისა, ასეთი პოლიტიკა, დიპლომატების ამ ჯგუფის აზრით, ეწინააღმდეგება ამერიკის ისეთ ფასეულობებს, როგორებიცაა თანასწორობა, სამართლიანობა, სტუმართმოყვარეობა. ტრამპის 90-დღიანი აკრძალვა ეხება შვიდ ქვეყანას: ერაყს, ირანს, ლიბიას, სირიას, სომალის, სუდანსა და იემენს. გარდა ამისა, აშშ-ში შესვლის უფლება 120 დღით აეკრძალათ ყველა ქვეყნის ლტოლვილებს. სირიელი ლტოლვილებისთვის ეს აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით გამოცხადდა.
ყველაზე პოპულარული
1