არჩილ ხახუტაიშვილი ეკომიგრაციაზე
1 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო არჩილ ხახუტაიშვილი, "დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ეკომიგრაციის პრობლემაზე. 1 თებერვალს "ევროპის ფონდის" ორგანიზებით იმართება მეოთხე ფორუმი ეკომიგრაციის თემაზე და ის განსახლების საკითხებს შეეხება. არჩილ ხახუტაიშვილის ორგანიზაცია წლებია დაკავებულია ეკომიგრაციისა და ეკომიგრანტების პრობლემებით. "დილის საუბრებში" მან ილაპარაკა სახელმწიფოს წინაშე მდგარ ამოცანებზე როგორც კანონმდებლობის, ისე ეფექტიანი სისტემის შექმნისა და ეკომიგრანტების განსახლების კუთხით. არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეიმუშაოს სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც განსახლების საჭიროების მქონე ადამიანების უზრუნველყოფის საკითხები, აგრეთვე პრევენციის ღონისძიებები. პრევენციაზე დახარჯული რესურსი სახელმწიფოს მოგვიანებით თავიდან ააცილებს გაცილებით დიდ ზარალს. "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება, რომ ბუნებრივ პროცესებში არასწორი ჩარევით მათ არ შექმნან ეკოლოგიური კატასტროფის რისკები, რისი მაგალითებიც აჭარაში იყო. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა საფრთხეების შესწავლის საკითხსა და რესურსების დეფიციტზე. არჩილ ხახუტაიშვილის შეფასებით, წლების განმავლობაში სახელმწიფოს არაადეკვატური, არათანმიმდევრული მოქმედების გამო, დღეს მწვავედ დგას ე.წ. ძველი ეკომიგრანტების საკითხიც.