შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პერსპექტივები საქართველოში
24 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ლევან ხარატიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე. კულტურის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით 8-9 დეკემბერს თბილისში დაგეგმილია ფორუმი - "კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისთვის". ფორუმის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შემოქმედებით ინდუსტრიებთან დაკავშირებით და ექსპერტების, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, შემოქმედებითი სექტორისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება. რა ტიპის ინიციატივებს აერთიანებს შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორი, რამდენად სჭირდება შემოქმედ ბიზნესს სახელმწიფოს დახმარება საინტერესო შემოქმედებით ჯგუფებთან დასაკავშირებლად, რა ადგილი უკავია "საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025"-ში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას და როგორია ეკონომიკისა და განათლების სფეროების განვითარებაში მათი როლი - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.