Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საქართველოს ხალხს ულოცავს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას


აშშ საქართველოს ხალხს ულოცავს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას, რამაც დაადასტურა, რომ დემოკრატიული რეფორმების მხრივ, საქართველო რეგიონში ლიდერია - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივნის, ნედ პრაისის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. აშშ-ის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 8 და 30 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტუნარიანი და ორგანიზებული, რომლის დროსაც დაცული იყო კანდიდატების და ამომრჩევლის უფლებები. „პოლიტიკურმა ლიდერებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი, როცა საარჩევნო კამპანიისას მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ თავშეკავებისკენ, რათა ამომრჩეველს ნება თავისუფლად გამოეხატა“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, აშშ-ის ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს ძალადობის და დაშინების ცალკეული შემთხვევების გამო და საქართველოს მოუწოდებს, კანონის შესაბამისი, საფუძვლიანი და დაბალანსებული გამოძიებისკენ. „ყველა მხარის პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებთ ერთობლივი მუშაობისკენ, რათა მიაღწიონ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან მიზნებს, მათ შორის დემოკრატიის განმტკიცებას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას. მოუთმენლად ველით ერთობლივ მუშაობას ახალ პარლამენტსა და მთავრობასთან, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG