ზურაბ აბაშიძემ, დავით ონოფრიშვილმა, გია ცაგარეიშვილმა და ვიქტორ დოლიძემ განაცხადეს, რომ ტოვებენ პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ და დროებით წყვეტენ პოლიტიკურ საქმიანობას. მათ ამის შესახებ დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თქვეს. ოდნავ მოგვიანებით პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმაც. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ კი თქვა, რომ, მიუხედავად პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებისა, პარტია დაშლას არ აპირებს და ბრძოლას განაგრძობს. მისივე ცნობით ნინო გოგუაძე და შალვა შავგულიძე, რომლებიც დღევანდელ პრესკონფერენციას არ დასწრებიან, პარტიაში რჩებიან. 10 ოქტომბერს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებდა და დროებით წყვეტდა პოლიტიკურ საქმიანობას. ალასანიას ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა ფეისბუკით გაავრცელა ინფორმაცია პარტიის დატოვების შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1