საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 8 ოქტომბერს ქვეყანამ უნდა ჩაატაროს მის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები. კვირიკაშვილის შეფასებით, ეს არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისთვის. პრემიერ-მინისტრმა ამომრჩევლებს მოუწოდა, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და ხმა მისცენ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, რაც არაერთხელ აღნიშნეს ქვეყნის უცხოელმა პარტნიორებმა და მეგობრებმა. „თუ არ ჩავთვლით იმ ძალიან სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ამ ნაბიჯისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ არჩევნების დღე მშვიდობიანად ჩაივლის. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებითვე, შსს-ს თანამშრომლები გააკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები და დაცული იყოს თითოეული ამომრჩევლის ხმა.
ყველაზე პოპულარული
1