სტუმრად ჩვენს ეთერში: ასმათ ტყაბლაძე
21 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ასმათ ტყაბლაძე, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" (N10) მხარდამჭერი. „რაღაც ყველას აქვს გაკეთებული - ცუდიც და კარგიც. მაგრამ, მთავარი და საოცარი, რაც ხდება ამ ჩვენს ქვეყანაში - საოცარი ქვეყანა გვაქვს და წასულია ხელიდან ამდენი არასწორი საქციელით“, - თქვა მან "დილის საუბრების" ეთერში და დასაწყისში შეეხო ტერიტორიული მთლიანობის საკითხს: აღნიშნა, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა „ყველაფერი სცადა. რუსებთანაც ჰქონდა მოლაპარაკებები. დასაწყისში გვპირდებოდნენ, რომ დაგიბრუნებთო და იმიტომ იყო, რომ მეც მათთან მქონდა კონტაქტიო, მაგრამ როდესაც თქვეს, რომ დამთავრდა, არც იოცნებოთო, მაშინ უკვე მივხვდი, რომ ამ თემაზე მათთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდაო“, - ყვება ასმათ ტყაბლაძე და თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს დარჩენილ ადამიანებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა - „როგორმე უნდა ისინი ისევ დავიმეგობროთ“. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, „დილის საუბრების“ სტუმარმა აღნიშნა: „მე, როგორც პიროვნებას, რუსეთი რომ იყო ჩვენი მბრძანებელი, არ მომწონდა. საერთოდ არ მიყვარს, როცა ვიღაც არის ჩემი მბრძანებელი. რომ გითხრათ, რომ ამერიკის ხელის დაქნევა მომწონს, არა, არ მომწონს ყველაფერი იმათ გადაწყვიტონ - ჩვენი ბედი, ვინ იქნება ჩვენი მინისტრი. მთავრობაში უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ჭკუით, დიპლომატიით და ცივი გონებით იმოქმედებენ... არავინ გაგიჟდება ჩვენი გულისთვის, რომ რუსეთს ომი გამოუცხადოს. როგორმე ჩვენ თვითონ უნდა მოველაპარაკოთ ჩვენს ძმებს - ოსებს, აფხაზებს“, - ამბობს ასმათ ტყაბლაძე და თვლის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცოხვრებ ადამიანებს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთავაზოს მეტი სოციალური უზრუნველყოფა, ვიდრე დანარჩენ მოქალაქეებს. „რუსეთი სულ ცუდს გააკეთებს, კარგს არ გააკეთებს“, ამბობს „ლეიბორისტული პარტიის“ მხარდამჭერი და დიდ შეცდომებად თვლის კოდორის ხეობისთვის „ზემო აფხაზეთის“ დარქმევას, „ახალგორის დარქმევას და ჩაბარებას“ – „თითქოს, განგებ იყო გაკეთებული, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება“. ნატოში ინტეგრაციაზე ასმათ ტყაბლაძე ამბობს: „თუ ამაში დაგვეხმარება, რომ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს რამენაირი გზით, არა - ომით, რამე გზით, მაშინ, კი ბატონო, თანახმა ვარ ნატოში ინტეგრაციაზე! თუ ვერაფერს გამიკეთებს ნატო, ტყუილად სახელად მექნება რომ ნატოში ვარ, იმის ჯარი დადგება აქ და იმის საშიშროება იქნება, რომ რუსი და ნატო ერთმანეთს დაეჯახება ჩემს ქვეყანაში, პირადად მე ძალიან მაღელვებს ეს საკითხი“. ასმათ ტყაბლაძემ ეკონომიკის შესახებაც ილაპარაკა - ტარიფების და გადასახადების დაწევის, მცირე მეწარმეების გადასახადისგან გათავისუფლების დაპირებაზე. ის ამბობს, რომ საწარმოს ბრუნვის მიხედვით უნდა განისაზღვროს გადასახადის ოდენობა. მას არ მოსწონს, რომ ახლა წინასწარ უწევს მომავალი წლის მოგების გადასახადის გადახდა, აგრეთვე ის, რომ დასუფთავების გადასახადი არა, მაგალითად, ბარში არსებული სავარძლების, არამედ რეალური შემოსავლის მიხედვით უნდა განისაზღვროს. „სოფელია მთავარი“, - უთხრა "რადიო თავისუფლებას" ასმათ ტყაბლაძემ. ის თვლის, რომ სოფლად ადამიანების დასაბრუნებლად აუცილებელია ინსფრასტრუქტურის განვითარება, ურპოცენტო, ან ძალიან დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა. პენსიის საკითხზე საუბრისას, სტუმარმა აღნიშნა, რომ საპენსიო ასაკი ქალისთვის უნდა იყოს 55 და კაცისთვის 60 წელი. პენსიის გაზრდას კი შესაძლებლად თვლის საბიუჯეტო ხარჯების რაციონალურად განაწილების შემთხვევაში. საუბრის დასასრულს გარემოს დაცვაზე საუბრისას, ასმათ ტყაბლაძემ აღნიშნა, რომ მეტყევეების შვილიშვილი და შვილია: „ ჩემი სახლის წინ მოვიდეს ყველა და ნახოს როგორი სკვერი გავაკეთე. აი, ეს არის გარემოს დაცვა! არ შეიძლება ხის მოჭრა! უნდა დავრგოთ მხოლოდ! ყველა ადამიანმა, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, რამდენიმე ხე დარგეთ, ხალხნო! ღმერთი დაგლოცავთ!“.