თემურ ხაჩიშვილი - "საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელების" (N12) პროგრამაზე
20 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თემურ ხაჩიშვილი, "საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელების" (N12) ერთ-ერთი ლიდერი. „„საქართველოს კომუნისტურმა პარტია - სტალინელებმა“ ჩვენ დაგვითმეს პარტია იმიტომ, რომ „ცენტრისტები“ მოგვხსნეს არჩევნებიდან და განვახორციელებთ ჩვენს პროგრამას“, - აცხადებს თემურ ხაჩიშვილი და ამასთან აზუსტებს, რომ არათუ სტალინელი, კომკავშირელიც კი არასდროს ყოფილა. თემურ ხაჩიშვილი იძლევა დაპირებას, რომ „100 დღეში დაიწყება დევნილების ღირსეული დაბრუნების პროცესი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც დასრულდება 2017 წლის ბოლომდე“, რასაც ის შესაძლებლად თვლის რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში. ამასთან, ის ლაპარაკობს „გარკვეულ პირობებზე“, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს. მთავარი პირობაა საქართველოს მიერ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა: „ეს არის ჩვენს მიერ გადასახდელი ხარკი“, - აცხადებს თემურ ხაჩიშვილი. შეკითხვაზე - რა საფუძველი აქვს დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყების ზუსტი ვადის დასახელებას? სტუმარი პასუხობს: “რეალურად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა არის ჩემს მიერ შექმნილი, რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მიერ მოწონებული. ეს გეგმა ეყრდნობა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს და რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს“. თემურ ხაჩიშვილის თქმით, „რუსეთი არ არის კეთილი ძია. ყველა ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ნატოსკენ სწრაფვა, ყველას შეექმნა პრობლემა. ბელორუსიას არ ჰქონდა ნატოსკენ სწრაფვა, მას არ აქვს ტერიტორიული პრობლემა. ყაზახეთს არ აქვს ნატოსკენ სწრაფვა, მას არ აქვს ტერიტორიული პრობლემა...“. თემურ ხაჩიშვილი ლაპარაკობს საქართველოს კონფედერაციულ მოწყობაზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული რუსეთის სამხედრო ძალების დაკანონებაზე: „მივანიჭოთ მათ სამშვიდობო სტატუსი. უკანონოდ ხომ არ იქნებიან? ვიღაცამ ხომ უნდა დაიცვას ჩვენი დევნილი?“. თემურ ხაჩიშვილი აცხადებს - „აშშ ვერ იცავს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს. საქართველოს სასიცოცხლო ინტერესი არის მოსახლეობის კეთილდღეობა და არა - ნატოში გაწევრიანება!“. თემურ ხაჩიშვილ, როგორც ადრე "ცენტრისტების" სახელით, „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელების“ სახელითაც იძლევა „რუსული პენსიების“ დაპირებას და აცხადებს, რომ ეს დამოკიდებული იქნება მოქალაქეთა სურვილზე. ასეთის შემთხვევაში, პენსიონერს 400 ლარის დამატებას პირდება. „დილის საუბრების“ სტუმარი ლაპარაკობს „ევრაზიულ საბაჟო კავშირში“ გაწევრიანების პერსპექტივაზეც, რაც მისი აზრით, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, თემურ ხაჩიშვილი თვლის, რომ უნდა შეიქმნას „ცეკავშირი“, რომელიც გლეხისგან შეისყიდის პროდუქციას და დაეხმარება მის გასაღებაში. დაპირებებს შორის სტუმარი ასახელებს - პასპორტში მამის სახელისა და ეროვნების გრაფის დაბრუნებას. აგრეთვე აცხადებს, რომ რომელიმე დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებენ „პოლიტიკურ და იურიდიულ პასუხისმგებლობას" და დავტოვებენ ყველა არჩეულ თუ დანიშვნით თანამდებობას.