აღმოსავლეთ თურქეთში ათობით ადამიანი დაიჭრა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის ოფისთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ინციდენტი ქალაქ ვანში მოხდა. პოლიციის უფროსის ინფორმაციით, დაჭრილია, სულ ცოტა, 27 ადამიანი, მათგან ორი - მძიმედ. ჯერ არ არის ნათელი, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომელიც მუსლიმთა დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის პირველ დღეს მოეწყო. ასეთ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას ანკარა წარსულში აკისრებდა ქურთების აკრძალულ ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიას“. გასული წლის ზაფხულში ქურთ მეამბოხეებსა და ანკარას შორის ზავის ჩაშლის შემდეგ დაპირისპირებამ თურქეთის უშიშროების ძალების 600-ზე მეტი წევრი და ათასობით ქურთი მებრძოლი შეიწირა.