9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად ხალხი, ტრადიციულად, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, შეიკრიბა. პარლამენტის შენობის წინ ყვავილების მიტანა ჯერ კიდევ ღამის საათებიდან დაიწყეს. 1989 წლის 9 აპრილს ამ ადგილას შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, რუსულმა ჯარმა დაარბია. აქციის დასაშლელად გამოიყენეს ნიჩბები, ხელკეტები და მომწამვლელი გაზი. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა - ახალგაზრდა გოგონები. ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, 1991 წელს, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.