ნატა ფერაძე მწვანე საფარის განადგურების შესახებ
3 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტი ნატა ფერაძე. "პარტიზანი მებაღეები" მწვანე საფარის განადგურებაზე მორატორიუმის დაწესებას მოითხოვენ. ამ მიზნით შეიქმნა პეტიცია, რომელზეც ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. „პარტიზანი მებაღეები“ შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყანაში შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობის გამო და აცხადებენ, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ქვეყანაში მასობრივად ნადგურდება ტყის საფარი, იჭრება ხეები, მიმდინარეობს პარკების, სკვერებისა და სხვა რეკრეაციული ზონების განადგურება. ნატა ფერაძის თქმით, „პარტიზანი მებაღეები“ მოითხოვენ მორატორიუმის გამოცხადებას მწვანე საფარის განადგურებაზე მანამ, სანამ ადმინისტრაციულ ორგანოებთან არ შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტება ეკოლოგებით, ურბანისტებით, იურისტებით, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, დაინტერესებული ფიზიკური პირებით და სხვა.