საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ნორვეგიული კომპანია "ქლინ ენერჯის" მიერ აჭარის ავტონომიის შუახევის მუნიციპალიტეტში ჰესის მშენებლობის დაწყების ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრები, ვიცე-პრემიერები გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე დაესწრნენ. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი ადგილობრივ მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ნაწილი მიიჩნევს, რომ მშენებლობა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძველია და შესაბმისად, მოითხოვს მშენებლობაზე დასაქმებას, ნაწილი კი აცხადებს, რომ ჰესი კლიმატს შეცვლის და სოფლის მეურნეობას დააზარალებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შუახევის მცხოვრებთ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საერთო ჯამში გაგებით შეხვდნენ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მასშტაბურ მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის და სარგებელს ადგილობრივ მოსახლეობასაც მოუტანს. პრემიერის შეფასებითვე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველია. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ჰესების მშენებლობა გამოიწვევს მრავალი სხვადასხვა საწარმოს შექმნასაც, რაც სჭირდება საქართველოს ეკონომიკას და სამუშაო ადგილების შექმნას. პრემიერმა სვანეთის მოსახლეობასაც მოუწოდა, გაგებით მოეკიდოს ხუდონჰესის მშენებლობის საკითხს, რადგან ეს პროექტი არა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებთ, არამედ მთელ ქვეყანას სჭირდება. ივანიშვილის განცხადებით, გათვალისწინებული და მაქსიმალურად დაკმაყოფილებული იქნება თითოეული მოსახლის ინტერესი, მაგრამ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ხელი არ უნდა შეეშალოს. პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას არწმუნებს, რომ შესაბამის გათვლებზე სერიოზული კომპანიები მუშაობენ და ჰესების მშენებლობა ბუნებას მინიმალურად დააზარალებს. ”მოწინააღმდგეებს შეგიძლიათ დაუპირისპიროთ შვეიცარიის, ავსტრიის და ნორვეგიის მაგალითები, სადაც ბუნება მაქსიმალურად დაცულია მიუხედავად იმისა, რომ ჰესების მშენებლობით წყლითაა დაფარული ათჯერ მეტი ტერიტორია”, - განაცხადა ივანიშვილმა. პრემიერის თქმით, საქართველო შეინარჩუნებს ბუნების საუკეთესო ნაწილს, რომელსაც მისახედად თავად სჭირდება კარგი ეკონომიკა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ჰესების მშენებლობის, ისე ბუნების დაცვის მნიშვნელობის გამო აუცილებელია ოქროს შუალედის პოვნა.
ყველაზე პოპულარული
1