Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში


ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში
მესამე წელია ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იმართება. წელს ფესტივალი ტონინო გუერას ნახატების გამოფენით გაიხსნა, მთავარი კი მაინც ის არის, რომ ნიქოზში ჩასულ სტუმრებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფელში ხელოვნების სკოლის ახალი, თანამდეროვე შენობა დახვდათ. ეპარქიასთან არსებული წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა 2008 წელს დაარსდა და ამ დრომდე 100-მდე მოსწავლეს რთულ პირობებში უტარდებოდა მეცადინეობები. ახალი სკოლა კი, სადაც ნიქოზელი და მიმდებარე სოფლების ბავშვები 16 სექტემბრიდან დაიწყებენ სწავლას, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის ბაზაზე აშენდა ამერიკისა და იაპონიის მთავრობების ფინანსური დახმარებით. ხელოვნების სკოლაში, ძირითადი საგნების გარდა, ანიმაცია, მხატვრობა, ქარგვა, კლასიკური და საგუნდო მუსიკა ისწავლება. სტუმრების ყურადღება ხელოვნების სკოლაში არსებულმა ჩრდილების თეატრის სტუდიამ მიიპყრო. ამ თეატრის დამაარსებელი გელა კანდელაკი პირობას დებს, რომ მალე ნიქოზში სრულფასოვანი სპექტაკლი დაიდგმება, მანამდე კი ნიქოზელმა მოსწავლეებმა პატარა მინიატურები წარმოადგინეს და სტუმრები საკუთარი ხელოვნებით გააკვირვეს.

ამ ყველაფერს რამდენიმე წლის წინ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია) დაუდო სათავე. საერო ცხოვრებაში ის თვითონ იყო ანიმატორი და ამ პროფესიისადმი სიყვარული დღემდე არ განელებია. მან დააარსა საერთაშორისო ფესტივალიც და ხელოვნების სკოლაც.

ანიმაციური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი რეჟისორებისა და ფილმების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩრდილების თეატრის დამაარსებელი გელა კანდელაკი ამბობს, რომ ეს ფესტივალი საქართველოს მასშტაბებს უკვე გასცდა და საერთაშორისო ავტორიტეტი მოიპოვა, ამიტომ აქ რეჟისორების ჩამოსვლა პრესტიჟულად ითვლება.

ბელორუსი რეჟისორი ირინა კოდიუკოვა მესამე წელია ამ ფესტივალში იღებს მონაწილეობას. მისი აზრით, ნიქოზში სულ სხვანაირი გარემოა, რაც რეჟისორებს ახალი ენერგიით აღავსებს.

ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:44 0:00
გადმოწერა

წლევანდელ ფესტივალზე რეჟისორები რუსეთიდანაც ჩამოვიდნენ და უკვე შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ. ცნობილი ანიმატორი ანდრეი ხრჟანოვსკი კროკის ფესტივალზე იყო მიწვეული, იქ ჟიურის თავმჯდომარეობასაც სთავაზობდნენ, მაგრამ მან ნიქოზში ჩამოსვლა არჩია. სწორედ ხრჟანოვსკიმ დააკავშირა ფესტივალის ორგანიზატორები ტონინო გუერას ოჯახთან და ნიქოზში მხატვრის მეუღლე ლორა გუერაც იმყოფება. რუსი რეჟისორი ამბობს, რომ კონფლიქტის შედეგად გაწყვეტილი კონტაქტების აღდგენა ხელოვნებას შეუძლია და რომ ხშირად პოლიტიკოსთა და ხელოვანთა ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ნიქოზში საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარიაც ჩავიდა. მისი აზრით, ნიქოზის ფესტივალი ადამიანებს აერთიანებს და, ამდენად, ნიქოზში პოსტკონფლიქტურ პერიოდში ფესტივალის ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის აზრით, ანიმაციის ფესტივალი მშვიდობის მშენებლობას ხელს შეუწყობს.

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია კმაყოფილია, რომ ფესტივალი უფრო მრავალფეროვანი ხდება და ცნობილი რეჟისორების დიდ ინტერესს იწვევს. ნიქოზის ფესტივალის თავისებურება ისიცაა, რომ აქ რეჟისორები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან და ყველა ნამუშევარი უკვე გამარჯვებულია.

წელს ნიქოზის ფესტივალზე წარმოდგენილნი არიან საქართველოს, გერმანიის, ბულგარეთის, ბელორუსის, ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის, ჩინეთის და რუსეთის ცნობილი ანიმატორები, რომლებიც ფილმების ჩვენების პარალელურად ხელოვნების სკოლის აღსაზრდელებისთვის მასტერკლასებს ატარებენ. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 8 სექტემბერს დასრულდება.
XS
SM
MD
LG