Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისის დღეები“ პრაღაში


"ჯორჯიან ბრასის" კონცერტი ვაცლავის მოედანზე
"ჯორჯიან ბრასის" კონცერტი ვაცლავის მოედანზე
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქმა 22-24 აპრილს „თბილისის დღეებს“ უმასპინძლა. პრაღის მერიის ხელშეწყობით, ჩეხეთის სტუმრებს და ქართულ სათვისტომოს იშვიათი შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ ქართული ფოლკლორული ანსამბლისა და სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისათვის, დასწრებოდნენ „თითების თეატრის“ წარმოდგენებს და ენახათ აღდგენილი ძველი თბილისის ფოტოგამოფენა.

ჩემს მახსოვრობაში პრაღაში ცალკე ფოლკლორული ანსამბლიც ჩამოსულა და ფოტოგამოფენაც მოწყობილა, ალბათ, სიმფონიურ ორკესტრსაც დაუკრავს ვაცლავის მოედანზე, მაგრამ ჯერ არ მომხდარა, რომ სულ რაღაც ორი დღის განმავლობაში ამდენი კულტურული ღონისძიება ერთბაშად გამართულიყო. თანაც, ყველა წარმოდგენაზე ბილეთის ფასი სიმბოლური იყო - 50 ჩეხური კრონი, რამაც პრაღაში მცხოვრებ ბევრ ქართველს ფასდაუდებელი სიამოვნების შესაძლებლობა მისცა. თუნდაც, ცნობილი ქართული ფოლკლორული ანსამბლის „ქართული ხმების“ მოსმენა რად ღირდა! საოცრად შესრულებულმა მრავალხმიანმა ქართულმა სიმღერებმა არაერთხელ დაიმსახურა პრაღის ქალაქის ბიბლიოთეკაში შეკრებილი მაყურებლების ოვაცია.

„არ წახვიდეთ, არ წახვიდეთ“, ეხვეწებოდნენ ქართველი მსმენელები საყვარელი ანსამბლის წევრებს. ასეთ დროს „მრავალჟამიერით“ დამშვიდობება, ალბათ, ყველაზე დიდი შვებაა.

22 აპრილს ტაში და მადლობა მხოლოდ ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრებს და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს არ დაუმსახურებიათ. მაყურებელმა მადლობა გადაუხადა პრაღისა და თბილისის მერებს. სწორედ ამ ორი ქალაქის ხელმძღვანელობამ დაუდო სათავე ასეთ გაცვლით საკონცერტო ღონისძიებებს. გასული წლის ნოემბერში ჯერ თბილისში ჩატარდა პრაღის კულტურის დღეები, ახლა კი პრაღა გვმასპინძლობსო, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც მერიის დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა „თბილისის დღეებს“.

"ჯორჯიან ბრასის" კონცერტი ვაცლავის მოედანზე
"ჯორჯიან ბრასის" კონცერტი ვაცლავის მოედანზე
„თბილისის დღეების“ ფარგლებში, 23-24 აპრილს პრაღის მინორის თეატრის მომცრო სცენაზე ორი წარმოდგენა გამართა „თითების თეატრმა“. სპექტაკლი „ბუფონადა“ „თითების თეატრის“ საფირმო წარმოდგენაა და ამ პერფორმანსით თეატრმა რამდენიმე ქვეყანაში მოაწყო გასტროლები. თუმცა, როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბესო კუპრეიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პრაღაში წამოსვლის წინ „თითების თეატრი“ კვლავ დაუბრუნდა ხუთი წლისწინადელ იდეას, სპექტაკლს „კედელი“, რომელსაც უფრო ღრმა ფილოსოფიური ჩანაფიქრი აქვს.

რეპორტაჟის დასაწყისში ვთქვი, რომ „თბილისის დღეებს“ პრაღაში უცხოელი სტუმრებიც დაესწრნენ და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებიც-მეთქი. თუმცა დასამალი არ არის, რომ მაყურებლებში ქართველები სჭარბობდნენ. ეს, ალბათ, არცაა გასაკვირი, რადგან ევროპაში და, სახელდობრ, პრაღაში, სადაც უამრავი კულტურული ღონისძიება იმართება, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმოჩენას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რეკლამა და მეტი ასეთი კულტურული დღეების ორგანიზება სჭირდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG