Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტონის სამარასის რთული ამოცანა


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ანტონის სამარასი
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ანტონის სამარასი
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ანტონის სამარასი რთული ამოცანის წინაშე დგას. ის ცდილობს, მეტი დრო მოიპოვოს მომჭირნეობის ზომების გასატარებლად, რადგან ათენს უჭირს გეგმის შესრულება ისე, როგორც დათანხმდა უცხოელ კრედიტორებს მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარების მისაღებად. მისცემენ თუ არა საბერძნეთს შეთანხმებულზე მეტ დროს, ეს შესაძლოა, გადაწყვიტოს შეხვედრებმა, რომლებსაც მიმდინარე კვირაში მართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუში, რომელიც ოთხშაბათს გამოაქვეყნა გერმანიის წამყვანმა ტაბლოიდმა, გაზეთმა „ბილდმა“, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ანტონის სამარასი ამბობს, რომ მის ქვეყანას დრო სჭირდება ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად და სახელმწიფოს შემოსავლების გასაზრდელად. სამარასის განმარტებით, ათენი არ ითხოვს დამატებით ფულს! ჩვენ ყველა მოთხოვნას ვასრულებთო, ამბობს საბერძნეთის წამყვანი კონსერვატიული პარტიის, „ახალი დემოკრატიის“ ლიდერი, რომელიც ორიოდე თვეა, ხელმძღვანელობს კოალიციურ მთავრობას.

ანტონის სამარასის მოწოდება, მეტი დრო გამოეყოს საბერძნეთს მომჭირნეობის მკაცრი ზომებისა და რეფორმების გასატარებლად, გავრცელდა ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფის თავმჯდომარესთან, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ჟან-კლოდ იუნკერთან მის შეხვედრამდე, რომელსაც მიმდინარე კვირაშივე მოჰყვება შეხვედრები გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან.
ჩვენ გვჯერა, რომ შეთანხმებებისა და შეთანხმებული რეფორმების მნიშვნელოვნად შერბილება, გერმანიის მთავრობის პოზიციიდან, დაუშვებელია...
გიდო ვესტერველე

საბერძნეთის მთავრობის ამოცანაა, ქვეყანამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სექტორისთვის განკუთვნილი ხარჯების შეკვეცას ორ წელიწადში 11,5 მილიარდი ევროთი (14,5 მილიარდი დოლარით). გეგმა ითვალისწინებს, მაგალითად, ხელფასების, პენსიების შემცირებას, გადასახადების გაზრდას. შესაბამისი ზომების გატარება არის პირობა მრავალმილიარდიანი დახმარების მორიგი ტრანშის, 31,5 მილიარდი ევროს მისაღებად. ფინანსური დახმარების გარეშე კი საბერძნეთს, რომელსაც უზარმაზარი ვალები აქვს, გაკოტრება ემუქრება.

ცნობების თანახმად, სამარასი შეეცდება ევროზონის ლიდერების დარწმუნებას, საბერძნეთს ორი წლით გაუგრძელონ მომჭირნეობის მკაცრი ზომების მისაღებად განკუთვნილი ვადა. თანამოსაუბრეების დარწმუნება, სავარაუდოდ, ყველაზე ძნელი იქნება გერმანიის ლიდერებთან მოლაპარაკებისას. ბერლინში არ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას საბერძნეთისათვის პირობების შეცვლის მიმართ.
გიდო ვესტერველე
გიდო ვესტერველე

ამ კვირაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდო ვესტერველემ დაადასტურა, რომ ათენისაგან მოელიან უკვე შეთანხმებული პირობების გეგმისამებრ შესრულებას. „ჩვენ გვჯერა, რომ შეთანხმებებისა და შეთანხმებული რეფორმების მნიშვნელოვნად შერბილება, გერმანიის მთავრობის პოზიციიდან, დაუშვებელია“, - განაცხადა ვესტერველემ.

საბერძნეთს უკვე ორჯერ შეუთანხმდნენ ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაფინანსებული მრავალმილიარდიანი დახმარების მიწოდებაზე: 2010 წლის მაისში ეს იყო 100 მილიარდი ევროს, ხოლო წელს, მარტში 130 მილიარდი ევროს მომცველი პაკეტები. ეჭვს არ იწვევს, რომ მათ გარეშე საბერძნეთი ვერ შეძლებს ვალების დაფარვას და ევროზონაში დარჩენას.
XS
SM
MD
LG