Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს მუდი, პი ვი რასელი და „სესი“


„სესი“. 1984 წლის 11 ივლისი
„სესი“. 1984 წლის 11 ივლისი
ზოგჯერ ჩვენი ახლობლების დაბადების დღეები ერთმანეთს უჩვეულოდ მიეწყობა ხოლმე და განსაცდელის ჟამიც დგება - მთელი კვირა ალკოჰოლურ ბურანში ვატარებთ. ახლა სწორედ ასეთი დღეები გვიდგას. თუმცა ამ კვირის იუბილარები არტისტები ბრძანდებიან. შესაბამისად, მხოლოდ მათი მუსიკით გამოვთვრებით, რომელსაც, საბედნიეროდ, არც გულძმარვა სჩვევია და არც თავის ტკივილი ნაბახუსევს.

26 მარტით დავიწყოთ, ერთი ამერიკელი ჯაზმენის დაბადების დღით, რომელსაც ჯეიმსი ერქვა, გვარად კი მუდი გახლდათ. ტენორსაქსოფონზე დაკვრას გვიან დაეუფლა. ყოველ შემთხვევაში, პროფესიულ სცენაზე მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას გამოჩნდა, მას მერე, რაც ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების ორკესტრში იმსახურა. რაღაც პერიოდი ევროპაში იცხოვრა, 50-იან წლებში დაბრუნდა სამშობლოში და ჯერ მაილს დევისს, შემდეგ კი მაქს როუჩს გაუწია პარტნიორობა. თუმცა ყველაზე უკეთ მაინც დიზი გილესპის გაუგო და საუკეთესო მეგობრის ორკესტრში ყველაზე დიდხანს დაყო.



ჯეიმს მუდი უბადლო იმპროვიზატორი და უფრო უკეთესი მელოდისტი ბრძანდებოდა, ხოლო ბგერა - ყველასგან გამორჩეული და ადვილად ამოსაცნობი ჰქონდა. რაც შეეხება სამეტყველო ენას, მისი ახალგაზრდობის მუსიკა ბიბოპი გახლდათ. საქსოფონისტის სახასიათო შტრიხებს იმასღა დავუმატებდი, რომ არ უყვარდა, როცა სახელით მიმართავდნენ - გვარით მომიხსენიეთო. ჰოდა, მთელი ჯაზური სამყაროც “მუდის“ ეძახდა - ჩვენებურად რომ მოვთარგმნოთ, „უჟმურს“. თუმცა უჟმურობისა თუ უხასიათობისა ნამდვილად არაფერი ეტყობოდა, პირიქით - მისნაირ ენაკვიმატ თუ იუმორის გრძნობით გამორჩეულ მუსიკოსს იშვიათად თუ გადაეყრებოდი. მაშინაც კი, როცა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მოახლოებულ აღსასრულზე აცნობეს, არ წამხდარა - მკურნალობაზე უარი თქვა და სიცოცხლის ბოლო წლები ისევე ლაღად და მხიარულად გაატარა, როგორი ანგლობითაც თავის ცნობილ ჰიტს ასრულებს:



გუშინ კი სენტ-ლუისელი კაცის - პი ვი რასელის - დაბადების დღე გახლდათ. მას ჯაზში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ისეთივე სახელოვანი არ ყოფილა, როგორც მისი კოლეგა კლარნეტისტები: ბენი გუდმენი, არტი შო, ჯიმი ნუნი, ბარნი ბიგარდი ან, თუნდაც, სიდნი ბეშე. ისტორიაში თავი უნიკალური საშემსრულებლო მანერის წყალობით დაიმკვიდრა, რომელიც ტრადიციული ჯაზისა და დიქსილენდის დიდებულ შერწყმას წარმოადგენდა.

30-იანი წლების ბოლოს პი ვი რასელმა დიქსილენდ ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენელთან, გიტარისტ ედი კონდონთან დაიწყო თანამშრომლობა და არსებითად შემდეგი სამი ათეული წელი ერთმანეთს არც მოსცილებიან. მუსიკოსს შემოქმედებით ცხოვრებაში თუ ჩავარდნები ჰქონდა, მხოლოდ საკუთარი სისუსტეების გამო - სმა უყვარდა ნამეტანი, რამდენჯერმე სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს ხელიდან. ჰოდა, როცა ფხიზლდებოდა ხოლმე, ხან ჯონ კოლტრეინის, თელონიუს მონკის, ორნეტ კოულმენის პიესებს ასრულებდა, ხანაც ხატავდა და, სხვათა შორის, კარგადაც გამოსდიოდა.

სამოციანი წლები პი ვი რასელის დიდ სცენაზე დაბრუნებად ითვლება, მისი კარიერის ზენიტად. ალბომებს წერდა, ლაივებსაც უხვად მართავდა, ევროპაშიც გასტროლირებდა. 1963 წლის 4 ივლისს კი ნიუ-პორტის ჯაზ-ფესტივალზე თელონიუს მონკის ბენდის შემადგენლობაში წარდგა მსმენელის წინაშე და, როგორც ამბობენ, ისე დაუკრავს, პიანისტის კონცერტი კლარნეტისტის კონცერტში გადაიზარდაო.

მოკლედ, რომ იტყვიან, მეორე სუნთქვა გაეხსნაო, ასე გახლდათ პი ვი რასელის საქმე. მაგრამ 1967 წელს ცოლი გარდაეცვალა, დარდმა და ნაღველმა შეჭამა კაცი - ისევ სმა დაიწყო და მალევე უკან მიჰყვა.



თუ ვინმე მომთხოვს, ჯაზური მუსიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ალბომების დასახელებას, პირველ ათეულში აუცილებლად მივუჩენდი ადგილს დისკად გამოცემულ ერთ ლაივს, რომელიც 1973 წლის 24 სექტემბერს ტოკიოში გაიმართა. ალბომი პასუხია კითხვაზე, თუ როგორ უნდა ჟღერდეს ნამდვილი ჯაზური ვოკალი, ასევე განმარტებაა, თუ რამდენად რთულ ხელოვნებას წარმოადგენს იგი და, რაც მთავარია, იდეალური მაგალითია, თუ რა სიმაღლეებს შეუძლია მიაღწიოს ამ ჟანრში მოღვაწე ვოკალისტმა.

დიახ, ეს გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა გახლავთ, ლირიკული ძალის მქონე ხმა, რომლის შესაძლებლობებს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ყველაფერი მარტივად, ნატიფი მოხდენილობით გამოსდიოდა - საოპერო ხელოვნებიდან დაწყებული, ბროდვეული მელოდიების ჩათვლით. ამ ხმის პატრონზე კი ამბობდნენ: მასში ელა ფიცჯერალდის სპონტანურობა, არეტა ფრანკლინის ბობოქარი სული, პეგი ლის სითბო და კარმენ მაკრეის ექსპრესიაა თავმოყრილიო. ასე „სესის“ - სარა ვონს - ახასიათებდნენ, რომელსაც დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა.

XS
SM
MD
LG