Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის და ისრაელის მთავრობები იმუქრებიან, ადამიანები კი სიყვარულს ეფიცებიან ერთმანეთს


ირანის და ისრაელის დროშები
ირანის და ისრაელის დროშები
„მე რონი მქვია. 41 წლის ვარ. მამა ვარ. მასწავლებლად ვმუშაობ, დიზაინერ-გრაფიკოსი ვარ. მე ვარ ისრაელის მოქალაქე და თქვენი დახმარება მჭირდება. „ახალ ამბებში“ მოვისმინეთ, რომ შეიძლება ომი დაიწყოს. არადა, ჩვენ, აქ ვინც ვსხედვართ, არაფერი გვაქვს საერთო ამასთან. 15 მარტს ფეისბუკში გავავრცელე ჩემი პლაკატი. ეს იყო მარტივი მიმართვა, რომელზეც ეწერა: „ირანელებო, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. ჩვენ არასოდეს დავბომბავთ თქვენს ქვეყანას“. 24 საათში ათასობით ადამიანმა გაუზიარა სხვებს ჩემი პლაკატი. დაიწყო ირანიდან წერილების მოსვლა. მეორე დღეს ტელევიზია და გაზეთები ალაპარაკდნენ ჩვენზე. ეს იყო ნიშანი, რომ ჩვენი მოწოდება სწრაფად გავრცელდა. გთხოვთ, ამ მოწოდების გავრცელებით დაგვეხმაროთ ომის თავიდან აცილებაში. დახმარება გვჭირდება ფულის შეგროვებაშიც, რათა შევისყიდოთ მედიაშესაძლებლობები: სარეკლამო ფარები, დიდი გაზეთები, ტელევიზია და, ბოლოს, ტაიმ სკვერის ეკრანები. ჩვენ გვსურს, ყველამ გაიგოს, ომი არ იქნება“ - ამას წერს რონი ედრი, ისრაელის მოქალაქე, რომელსაც ომი არ სურს.

ომი არ სურს არც მის ცოლს, 36 წლის მიჩალ თამირს, რომელიც ქმართან ერთად ინიციატორია ამ სამშვიდობო მოძრაობის, რომელიც მიმართულია ირანზე სამხედრო თავდასხმის მოწყობის წინააღმდეგ. როგორც გითხარით, მიმართვა მარტივია: „ირანელებო, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, ჩვენ არასოდეს დავბომბავთ თქვენს ქვეყანას“. მიმართვაში წერია:

„ირანელ ხალხს, ყველა მამას, დედას, შვილს, ძმასა და დას. იმისათვის, რომ ერთმანეთს ვეომოთ, ერთმანეთისა უნდა გვეშინოდეს, ერთმანეთი უნდა გვძულდეს. მე არ მეშინია თქვენი და არც მძულხართ. არც კი გიცნობთ. ჩემთვის ირანელს არასოდეს არაფერი დაუშავებია. არც კი მინახავს ირანელი, მხოლოდ ერთხელ პარიზის მუზეუმში შევხვდი ერთს. მშვენიერი ბიჭი იყო. ხანდახან, - განაგრძობს თავის წერილს რონი ედრი, ისრაელის მოქალაქე, - ტელევიზიით ირანელს ვხედავ ხოლმე, ის ომზე ლაპარაკობს. დარწმუნებული ვარ, ის ყველა ირანელს არ წარმოადგენს. თქვენი ტელევიზიით თუ იხილავთ ვინმეს, ვინც თქვენს დაბომბვაზე ლაპარაკობს, დარწმუნებული იყავით, ის ყველა ჩვენგანის წარმომადგენელი არ არის“.
ისრაელებო, ჩვენ არასოდეს დავბომბავთ თქვენს ქვეყანას, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ ...

ედრი წერდა, მე აქ ბევრს ველაპარაკე და, სულ მცირე, მათი სახელით შემიძლია გითხრათ, თქვენთვის არაფრის დაშავება არ გვსურსო. ეს იყო მოკლე მესიჯი, რომელიც ისრაელის ამ ორ მოქალაქეს, ცოლ-ქმარს სურდა გაეგზავნა ირანელებისთვის.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ცოლ-ქმარი ამბობს, რომ სურდათ შეექმნათ არენა, როგორც ისინი ამბობენ, „კრივის რინგი“, სადაც ბრძოლა კი არ შედგებოდა, არამედ სადაც ოპონენტები ერთმანეთს ხელებით მისწვდებოდნენ. თამირი ამბობს, დიდი დრო არ გასულა, რაც მეორე მხარე მართლაც გამოგვეხმაურა ისეთი გულისამაჩუყებელი სიტყვებით, რომ ავტირდიო:

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში მცხოვრებმა ირანელებმა ფეისბუკზე გამოაქვეყნეს თავიანთი სურათები. სახე ზოგჯერ ნახევრად მოჩანს, ზოგჯერ მხოლოდ სარკეში არეკლილი, რადგან ეშინიათ, ამოცნობილ იქნენ. მაგრამ მიმართვა მათ გაავრცელეს იმავე ფორმატში: ისრაელებო, ჩვენ არასოდეს დავბომბავთ თქვენს ქვეყანას, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ.“

ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის მეგობრობის დასაწყისი, მაგრამ მე, ორი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ ეს არის კვლავ შეკავშირება ძმებისა და დების ...
ფეისბუკის მომხმარებლები ირანში შიშობენ, რომ ებრაელების სახელმწიფოსთან ღია კონტაქტის გამო დაისჯებიან, მათ შეიძლება ჯაშუშობა დააბრალონ. ისლამური რესპუბლიკა არ აღიარებს ისრაელს და ირანის მოქალაქეებს ეკრძალებათ ისრაელში ჩასვლა. ისრაელი, ირანის ოფიციალური ტერმინით, „ოკუპირებული ტერიტორიაა“ - ირანულ პასპორტში წერია, ამ პასპორტის მფლობელს ეკრძალება ამ ტერიტორიებზე შესვლაო. თავისთავადაც ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში ირანელებს, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში ცხოვრობენ, უჭირთ ფეისბუკში საკუთარი თავის სრულად წარმოდგენა, მაგრამ გარეთ, დასავლეთში, თუ სხვა ნაკლებად რეპრესიულ ქვეყნებში მცხოვრებთ ამ მხრივ სირთულე არ აქვთ. შესაბამისად, დიდი იყო მათი რიცხვი, ვინც ამ მიმართვას გამოეხმაურა საპასუხო მიმართვით, რომ ირანელებს ისრაელები უყვართ. წყვილმა - თამირმა და რონიმ - შექმნა საგანგებო გვერდი ფეისბუკში, სახელწოდებით „ისრაელს უყვარს ირანი“. ასევე დაიწყეს ბლოგი და მიიღეს არაერთი პირადი წერილი ირანელებისგან, რომლებიც სთხოვენ, არ გაამხილონ მათი ვინაობა. წყვილმა გამოაქვეყნა თეირანიდან მიღებული ერთი წერილის ფრაგმენტი, სადაც წაიკითხავთ:

„ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის მეგობრობის დასაწყისი, მაგრამ მე, ორი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ ეს არის კვლავ შეკავშირება ძმებისა და დების, რომლებმაც ერთმანეთი დაკარგეს და ახლა კვლავ იპოვეს.“

სხვა ირანელი ქალი წერდა, მინდა დავარწმუნო ისრაელები, რომ ირანში ხალხს მხოლოდ მშვიდობა და სიკეთე სურსო. მიჩალ თამირი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ფეისბუკმა ხალხს შეაძლებინა გადაელახა კედელი და ახლა ორივე მხარეს ადამიანები პოლიტიკოსების გარეშე ურთიერთობენ ერთმანეთთან. მისივე თქმით, სოციალური მედია აძლევს ადამიანებს საშუალებას, როგორც მას, ხმა აიმაღლოს ომის წინააღმდეგ, რომელიც არავის სურს.

წყვილს სწამს, რომ მათ მიერ წამოწყებული აქციის მეშვეობით შეგროვდება ფული, რაც მათ უფრო ფართო აუდიტორიისთვის ხმის მიწვდენის შესაძლებლობას მისცემს. და რონი ედრი, ისრაელის მოქალაქე, რომელსაც, მისი სხვა თანამოქალაქეების მსგავსად, არ სურს ომი, ამბობს, იმედია გადაწყვეტილების მიმღებნი, ანუ პოლიტიკოსები, ამდენი ადამიანის ხმას შეისმენენო:

„ჩვენი, როგორც ადამიანების, მოვალეობაა, მათ აზრი შევაცვლევინოთ, ხმამაღლა ვუთხრათ, რაც არ გვსურს. ამდენი წელია რამის თქმისა გვეშინია. ისინი კი გვეუბნებიან, რომ ომი ახლოვდება, რომ ირანი დაგვბომბავს, რომ ისრაელი საპასუხო იერიშს მიიტანს; ყველას ეშინია და რაღაცას ელის, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს. ჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ: ჩვენ არ გვსურს ეს ომი, ისრაელებს და ირანელებს არაფერი აქვთ გასაყოფი.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG