დღეს თბილისში გაიმართა პოლიტიკური კოალიციის "ქართული ოცნების" პრეზენტაცია. კოალიციის წევრები არიან ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, ”რესპუბლიკური პარტია”, "თავისუფალი დემოკრატები", ”ეროვნული ფორუმი” და ასევე, კონსერვატიული და ხალხის პარტიების ლიდერები ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი. პრეზენტაციისას გამოქვეყნდა ”ქართული ოცნების” სადამფუძნებლო დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზაგასაყარია, რომლის შემდეგ ქვეყანაში უნდა დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება. "ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და დიქტატს, სამართლიანობასა და უსამართლობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაციას შორის” - ნათქვამია დეკლარაციაში. ”ქართულ ოცნებაში” გაერთიანებული პარტიები და პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ ”საქართველოს გადარჩენისა და თანამედროვე სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის აუცილებელია საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გამარჯვება პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ მმართველ რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის.” სწორედ ამ გამარჯვების უზრუნველსაყოფად შეიქმნა კოალიცია "ქართული ოცნება," რომლის წევრი პოლიტიკური ძალები გაერთიანებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე და გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის მიზნებს" - ნათქვამია სადამფუძნებლო დეკლარაციაში.
ყველაზე პოპულარული
1