Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მეთოდით გამოანგარიშებული ინფლაცია


2012 წლის იანვრის თვის ინფლაცია
2012 წლის იანვრის თვის ინფლაცია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა იანვრის თვის ინფლაცია გამოაქვეყნა, რომელიც შედგენილია განახლებული სამომხმარებლო კალათის მიხედვით. საქსტატის თანახმად, ინფლაციამ იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პროცენტი შეადგინა. ამდენივეა წლიური ინფლაციაც, რაც იმას ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ფასები, 2011 წლის იანვართან შედარებით, უმნიშვნელოდ შეიცვალა.

ბოლო დროს სამომხმარებლო ფასები რომ თითქმის უცვლელია, ამას რიგითი მოქალაქეები აღნიშნავენ, რომლებსაც ხშირად უხდებათ ბაზარში თუ ბაზრობებზე გაძვირებული თუ გაიაფებული პროდუქციის შეძენა. 2011 წლის დასაწყისში თბილისის ერთ-ერთ ბაზარში რადიო თავისუფლებამ მოქალაქეთა შემდეგი მოსაზრებები ჩაიწერა:

თვის ინფლაცია არის 0,5 პროცენტი. ძირითადი გაძვირება მაინც მოდის სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ...
ზაზა ჭელიძე
„ხორცი და ყველი ძალიან გაძვირებულია. ძალიან გაჭირდა ცხოვრება...”
”კარტოფილი ვიყიდე და 11 ლარად 7 კილო მომივიდა. ძალიან გაძვირებულია ყველაფერი...”

აი, რას ამბობენ რიგითი მოქალაქეები ერთი წლის შემდეგ:

”ყველაფერს აწერია და ისევ ის ფასები არის.”
”წიწიბურამ დაიკლო მხოლოდ, სხვას არაფერს დაუკლია. ზეთმა დაიკლო კიდევ... რაც იყო ფასები, ისევ ის არის, სხვას არაფერს დაუკლია.”

მოქალაქეთა ასეთ განცხადებებს შეესაბამება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის იანვარში ფასების უმნიშვნელო ზრდა აღინიშნა, რაც სურსათის ზოგიერთ სახეობაზე ფასების მატებამ გამოიწვია. 0,5 პროცენტიანი ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე ამბობს:

„თვის ინფლაცია არის 0,5 პროცენტი. ძირითადი გაძვირება მაინც მოდის სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, ის 1.7 პროცენტით გაძვირდა. ამ ჯგუფში ყველაზე დიდი გაძვირება დაფიქსირდა ხილის ქვეჯგუფზე, რომლის ზრდაც 7 პროცენტზე მეტია. ასევე ზრდა არის ბოსტნეულზე, თითქმის 6 პროცენტიანი ზრდა, ზრდა არის რძის პროდუქტებზეც - 4 პროცენტით. გაზრდილი არის ფასი ხორცზე, შაქარზე და ტკბილეულზე.“

საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის ინფორმაციით, იანვრის თვის ინფლაციის ფორმირებისას გარკვეული როლი ითამაშა სამომხმარებლო კალათაში შემავალი ზოგიერთი ქვეჯგუფის გაიაფებამ. ფასები შემცირდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქვეჯგუფზე. ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ამ პერიოდში სავაჭრო ობიექტების დიდი უმრავლესობა ფასდაკლებებს აცხადებს და სწორედ ეს აისახება სტატისტიკურ მონაცემებზეც. ასევე, იანვარში შემცირებულია ტრანსპორტის ღირებულებაც, თუმცა მისი მაჩვენებელი წლიურ ინფლაციაში საგრძნობლად გაიზარდა.

ზაზა ჭელიძე
ზაზა ჭელიძე
რაც შეეხება ზოგადად წლიურ ინფლაციას, მისი მაჩვენებელიც 0,5 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, წლის მანძილზე ყველაზე მეტად გაძვირდა ტრანსპორტი, ასევე სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ქვეჯგუფი:

„ინფლაციამ შეადგინა 0.5 პროცენტი. ბუნებრივია, ეს მოსალოდნელიც იყო. შარშან ძალიან მაღალი იყო ფასების ზრდა და წელს უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო ფასების მატება, რომ ინფლაცია გაზრდილიყო.“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ეთანხმება ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი. ისინი ძირითად ყურადღებას სასურსათი პროდუქციის ფასებზე აკეთებენ, თუმცა მათი პოზიციის მოწინააღმდეგენი აღნიშნავენ, რომ ინფლაციის განსაზღვრისას შეუძლებელია არ იყოს გათვალისწინებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა თუ სატელეკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები, ისევე როგორც ტრანსპორტი და მომსახურების სხვა სფეროები. სულ სამომხმარებლო კალათაში, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება ინფლაცია, 288 დასახელების პროდუქტია. მისი განახლება 2012 წლის დასაწყისში განხორციელდა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე.
ეს ოდნავ გაზრდის ინფლაციის მაჩვენებელს, თუმცა, როგორც ჩანს, ეროვნულ ბანკს აქვს იმის გათვლა, რომ მაჩვენებელი არ გასცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც 6 პროცენტია...
ნოდარ ხადური

ამ მეთოდოლოგიის მეშვეობით მოხდება მიმდინარე წლის ინფლაციის გამოანგარიშება, რომლის შესახებაც ჯერჯერობით მხოლოდ პროგნოზებს აკეთებენ. საქართველოს ეროვნული ბანკის ვარაუდით, დაბალი ინფლაცია საქართველოში წლის პირველ ნახევარში შენარჩუნდება. შესაბამისად, წლის პირველ ნახევარში ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას აგრძელებს.

ეკონომიკის ექსპერტის, პროფესორ ნოდარ ხადურის თქმით, ეროვნული ბანკის ნაბიჯები კრედიტების გაიაფების ხელსაყრელ პირობას ქმნის:

„განაკვეთის შემცირება გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში მიღწეულია ფასების სტაბილიზაცია, ანუ მთავარი ამოცანა, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა ასწია რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტამდე, მიღწეულია. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა დაეწყო უფრო იაფი ფულის პოლიტიკა და ამით ხელს შეუწყობს მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის გაზრდას. ვფიქრობ, რომ ეს ოდნავ გაზრდის ინფლაციის მაჩვენებელს, თუმცა, როგორც ჩანს, ეროვნულ ბანკს აქვს იმის გათვლა, რომ მაჩვენებელი არ გასცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც 6 პროცენტია.“

ვარაუდობენ, რომ ინფლაციის ზრდის ტემპი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოიმატებს.
XS
SM
MD
LG