Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქმნება რამდენიმე „მესამე პოლიტიკური“ ცენტრი


ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა
პოლიტიკური პარტიების ნაწილი გამოდის ინიციატივით შეიქმნას მესამე პოლიტიკური ცენტრი, როგორც მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ალტერნატივა. აღნიშნული ინიციატივით სულ ახლახან "თავისუფალი საქართველოსა" და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები გამოვიდნენ. რამდენად საფუძვლიანია მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის მოლოდინი და რას ეფუძნება პარტიათა ოპტიმიზმი?
მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით ერთი კვირის წინ პარტია „თავისუფალი საქართველო“ გამოვიდა. ამასთან, პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ საჭიროდ ჩათვალა შემდეგი შინაარსის განცხადება გაევრცელებინა:

„მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს, გაგებით მოეკიდონ მესამე ცენტრის სავარაუდო ჩამოყალიბების იდეას, რათა ხელისუფლებამ ეს არ ჩათვალოს კინკლაობად და არ გამოიყენოს თავისი იდეების განსახორციელებლად.“

თუმცა, ამგვარი თადარიგის დაჭერის მიუხედავად, პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენას საქართველოში მტკიცე საფუძველი არ გააჩნია. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩევლის ყურადღება თითქმის მთლიანად ორ ძირითად მოთამაშეზე - ნაციონალურ მოძრაობასა და ივანიშვილის კოალიციაზეა განაწილებული:

„ამ ორი პოლიტიკური ძალის გარდა, შედარებით ანგარიშგასაწევი რეიტინგი აქვს „ქრისტიან-დემოკრატებს“ (4 პროცენტამდე), დანარჩენი პარტიების რეიტინგი 1 პროცენტამდეა დასული... ასე რომ, პოლიტიკური სპექტრის ეს ნაწილი ხალხის ყურადღების ობიექტი არ არის.“

ამ გარემოების გათვალისწინებით, საზოგადოებაზე მეტად მესამე პოლიტიკური ცენტრი თავად პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ. ასე ფიქრობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის თქმითაც, პარტიების ნაწილი დამოუკიდებლად მოქმედებს, ნაწილი კი - ამომრჩევლის დასაბნევად, ხელისუფლების მითითებით ირჯება.
მეორე პოლიტიკური პოლუსის შემადგენელი ნაწილია ის პოლიტიკური ჯგუფებიც, რომელთა მიზანია „მესამე ცენტრად“ მოგვევლინონ ...
ბაჩუკი ქარდავა

„’მესამე ცენტრის’ ტერმინის დაჩემება ძალიან გახშირდა. ჩემთვის ცნობილია სამი-ოთხი ასეთი ცენტრის ჩამოყალიბების მსურველი. ხელოვნურად მოთამაშის შემოყვანის საუკეთესო მაგალითია უკანასკნელ არჩევნებში გამოჩენა პარტიისა, რომელსაც დაერქვა „სახალხო-დემოკრატები“. არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე დარეგისტრირდა იგი. მისი დღევანდელი მიმზიდველობა იმაში მდგომარეობს, რომ პარტიის ლიდერი გახლავთ გვარად ივანიშვილი“, უთხრა სოსო ცისკარიშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის კიდევ ერთი ინიციატორი, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა, მიიჩნევს, რომ საქართველოს ხსნა სწორედაც რომ მმართველი პარტიისა და ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისგან განსხვავებულ ძალაშია. ბაჩუკი ქარდავა ხელისუფლებას ერთპარტიულ მმართველობაში, ხოლო ივანიშვილის კოალიციას ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებაში ადანაშაულებს. ამასთან, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ადგილი აქვს მცდელობას, ხელოვნურად შეივსოს მესამე პოლიტიკური ცენტრისთვის გაჩენილი ნიშა:

„მეორე პოლიტიკური პოლუსის შემადგენელი ნაწილია ის პოლიტიკური ჯგუფებიც, რომელთა მიზანია „მესამე ცენტრად“ მოგვევლინონ. რეალურად კი ისინი მე-5 კოლონის მისიას ასრულებენ. დავარქმევ მათ მეორე პოლუსის პარაშუტს, რაც, მთლიანობაში, რუსული დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილია. ისინი შეეცდებიან შუა გაკრიფონ და მესამე პოლიტიკური ცენტრი თავად დაიკავონ.“

მესამე პოლიტიკურ ცენტრში ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას მასავით მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების გაერთიანება სურს, თუმცა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩახვაძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ სურვილზე შეიძლება ლაპარაკი.

მემარჯვენე-ცენტრისტული ორიენტაციისაა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, რომლის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის თქმით, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „მოქალაქეთა კავშირისა“ და „აღორძინების“ დაპირისპირების ფონზე, მხოლოდ მრეწველებმა შეძლეს მესამე ცენტრის ჩამოყალიბება, რასაც ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომელთა რაოდენობა საქართველოში 200-ს აჭარბებს, ერთი მესამე ცენტრის ჩამოყალიბებას არ დასჯერდებიან. სოსო ცისკარიშვილის თქმით, პარლამენტში მოხვედრის სურვილი და მწირი რესურსები ბევრ მათგანს გაერთიანებისკენ უბიძგებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG