Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბობ მარლი - 67


ბობ მარლი
ბობ მარლი
როგორც ამბობენ, ეს ისტორია პორტუგალიელებისა და ჰოლანდიელების წყალობით დაიწყო. იმ დროის ამბავს მოგახსენებთ, აფრიკელი მონები ახლად აღმოჩენილ ამერიკაში რომ ჩაჰყავდათ შაქარსა და ბამბაში გადასაცვლელად. ევროპელებს ასეთი წესი ჰქონდათ - სანამ დანიშნულების ადგილზე ჩააღწევდნენ, მცირე ხნით კარიბის ზღვაში ჩერდებოდნენ, რომელიმე კუნძულს მიადგებოდნენ და, ასე ვთქვათ, გზაში წახდენილ „საქონელს“ იქვე ტოვებდნენ - მეტწილად, იმ აფრიკელებს, რომლებიც მონობას ვერ ეგუებოდნენ, ეურჩებოდნენ და მთელი გზა პატარ-პატარა აჯანყებებით უშრობდნენ სისხლს. სწორედ ეს მეამბოხე ხალხი გახდა ერთ-ერთი ასეთი კუნძულის ძირძველი მოსახლეობა. თავისუფლების გარდა არაფერი ებადათ. სხვა რა დარჩენოდათ? ცეკვავდნენ და მღეროდნენ სამშობლოდან წამოღებულ აფრიკულ მელოდიებზე. ჰოდა, ამ ველურ-ვნებიანი ცეკვა-სიმღერით სოფელიც აუშენებიათ, პატარა ქვეყანა, წყლით გარშემორტყმულ ადგილას.

ამ კუნძულზე არასოდეს ვყოფილვარ. ჩამოსულიც არავინ მინახავს, იქაური ამბავი რომ მომეკითხა. ამბობენ, ულამაზესი ადგილია, კამკამა, ზურმუხტოვანი წყლის ლაგუნებითა და ოქროს ქვიშით, დღისით ცა ფირუზის, შებინდებისას კი ღვინისფერიაო. არადა, ამ სამოთხის შესახებ არც მე, არც თქვენ და არც დანარჩენ სამყაროს ეს მცირედიც კი არ გვეცოდინებოდა, 67 წლის წინ ერთი კაცი რომ არ გაჩენილიყო.



დიახ, იამაიკა ჰქვია ამ ულამაზეს კუნძულს, 6 თებერვალს კი ბობ მარლის დაბადების დღე გახლდათ, 67 წელი შეუსრულდებოდა. მისი ბიოგრაფიის მოყოლას როგორ გაკადრებთ? ათასჯერ გექნებათ გადაკითხული. თანაც, მოსაწყენი საქმიანობაა, მით უმეტეს, თუ საქმე რეგეის ეხება - მშვიდსა და პოზიტიურ მუსიკას. ამიტომ დარჩენილი დრო მსუბუქად და ისევე ლაღად გავატაროთ, როგორ სიმღერებსაც თავად მუსიკოსი წერდა. გზადაგზა კი რამდენიმე მათგანიც გავიხსენოთ, მაგალითად - No Woman, No Cry.

მარლის ყმაწვილკაცობაში ერთი მეგობარი ჰყავდა - ვინსენტ ფორდი, მეტსახელად „ტატა“. ეს სახელი და გვარი ბევრს არაფერს გეტყვით, მაგრამ დიდი ქველმოქმედი ვინმე კი გახლდათ. მთელი იამაიკა კარდაკარ რომ მოგევლო, ეგეთ სათნო და ღვთისნიერ ახალგაზრდას მეორეს ვერ იპოვიდი. კინგსტონის გარეუბანში, ტრენჩთაუნში, ერთ უსახურ, უფასო სასადილოს ფლობდა და გეტოს მშიერ-ტიტველ ბალღებს აპურებდა, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ. ამ ყმაწვილებს შორის გახლდათ ბობ მარლიც.

მუსიკოსი ტატას მთელი ცხოვრება მადლიერებით იხსენებდა. სიდუხჭირეში გატარებულ სიყრმის წლებს, აბა, რა დაავიწყებდა? ჰოდა, როცა სახელი გაითქვა, გადაწყვიტა რამენაირად დახმარებოდა მეგობარს და, რა თქმა უნდა, ტრენჩთაუნის უღარიბეს მოსახლეობასაც. 1975 წელს ეს სიმღერა ლონდონში გამართულ კონცერტზე პიტერ ტოშთან ერთად შეასრულა, ჩაიწერა და ეგრევე მსოფლიო ჰიტად აქცია. შემდეგ ადგა და ავტორობა ვინსენტ ფორდს აჩუქა, რათა მეგობარს ჰონორარების წყალობით ის ცნობილი სასადილო შეენარჩუნებინა.



პოპ-მუსიკის ისტორიაში ძნელია ვინმე ისეთი დაასახელო, რომელმაც იმდენივე სიკეთე მოუტანა თავის ხალხსა თუ ქვეყანას, როგორც მარლიმ. ცოცხალი იყო და, თავისი მუსიკის წყალობით, იამაიკა მთელ მსოფლიოს გააცნო. ის რომ არა, ქვეყანა დღემდე ღვთისგან მივიწყებული და სამყაროსგან გარიყული იქნებოდა. მოკვდა და გარდაცვალების შემდეგაც იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ნებისმიერი იქაური პოლიტიკოსი. დღეს თუ ეს კუნძული ვინმეს კიდევ ახსენდება, ისევ და ისევ მუსიკოსის გამო. ასე რომ, იამაიკა მარლისგან დიდად გახლავთ დავალებული.

ალბათ, გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ იამაიკელის ქართველებსაც მართებთ, მისი წყალობით ჩვენშიც ხეირობდნენ ზოგიერთები. ეს ამბავი ოთხმოცდაათიანი წლების თბილისში ტრიალებდა, იმ დროს, ბნელი და უკუნი რომ იყო. ერთი ნაცნობი მყავდა, რომელიც რეგეიზე ბავშვობაშივე შეიშალა. ყმაწვილკაცურ გატაცებას მიაწერდა კაცი, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად სენი პროგრესირებდა. ბოლოს მდგომარეობა იქამდეც დამძიმდა, გენეალოგიური ხის შედგენა დაიწყო - ეთიოპიის იმპერატორ ჰაილე სელასიესთან ეძებდა სისხლისმიერ კავშირებს. მისი და ბობ მარლის დამოკიდებულება კი სულ სხვა თემაა: ისეთ ფოტოებს შოულობდა, მუსიკოსის დედასაც რომ არ გააჩნდა: სამი დღის ბობი სამშობიაროში, პირველი „აღუ“, პირველი გოლი, პირველი მოსაწევი და ა.შ.



სამწუხაროდ, უბნის ოპერმუშაკებმაც იცოდნენ ვინ გახლდათ ბობ მარლი და რას წარმოადგენდა რასტა. ისიც კარგად უწყოდნენ, რომ კანაფის წევა ამ რელიგიური მიმდინარეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. შემდეგ რაც ხდებოდა, ამის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ. დოლიძელი რასტამანის ჯიბეში სასწაულებრივად ჩნდებოდა ხოლმე მარიხუანა და, ჟანრის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, ფულიც ჩაჰქონდა ცოდვის გამოსასყიდად. ასე ინახავდა ბობ მარლი ქართველი სამართალდამცავების წვრილშვილს იმ უმძიმეს წლებში. შესაძლოა, სანთელსაც კი უნთებდნენ მადლიერების ნიშნად. ხოლო ჩემს ნაცნობს რაც შეეხება, განსაცდელს ვერ გაუძლო, რამდენიმე თვეში გაკოტრების პირას მისულმა, საბოლოოდ თქვა უარი მარლის ერთგულებაზე. ამას წინათ შემთხვევით გადავეყარე, გამელოტებულიყო და გლდანის პარკში კუტუნიოს კონცერტზე მიჰყავდა ოჯახი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG