Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი ვაცლავ ჰაველს დაემშვიდობა


პრაღაში პარასკევს ვაცლავ ჰაველის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ჰაველმა - დისიტენტმა, დრამატურგმა, პოლიტიკოსმა - მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომუნისტური რეჟიმის დამხობაში 20 წლის წინ.

ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიმართა ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწის, ვაცლავ ჰაველის დაკრძალვის ცერემონია. ჰაველი 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის გმირი იყო - რევოლუციის, რომელმაც მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმი დაამხო.

პრაღის ციხესიმაგრეში, წმინდა ვიტუსის ტაძარში, ჩეხეთის ოფიციალურ პირებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერები შეუერთდნენ.

ჰაველი 18 დეკემბერს, 75 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ჩვენთან რჩება [ჰაველის] პოზიცია, რომ თავისუფლება უნივერსალური პრინციპია და თუკი მას სადმე ვინმეს ართმევენ, ეს ჩვენს თავისუფლებასაც უქმნის საფრთხეს ...
მასთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია პარასკევს - 23 დეკემბერს - პრაღის დროით დღის 12 საათზე დაიწყო წუთიერი დუმილის დაცვით, რომელსაც ეკლესიის ზარების რეკვა და სირენების ხმა მოჰყვა.

საეკლესიო წირვა ჩაატარეს პრაღის არქიეპისკოპოსმა დომინიკ დუკამ და ეპისკოპოსმა ვაცლავ მალიმ. წარმოთქმულ გამოსათხოვარ სიტყვაში დუკამ გაიხსენა ჰაველთან ერთად კომუნისტურ ციხეში გატარებული წლები - როგორ თამაშობდნენ ერთად ჭადრაკს. „შენი მადლობელი ვარ ციხეში გატარებული დღეებისთვის და ჩემი ახლანდელი თავისუფლებისთვისო“, თქვა არქიეპისკოპოსმა.
„ჩვენგან წავიდა პრეზიდენტი, პოლიტიკოსი, ინტელექტუალი, ხელოვანი - ადამიანი, რომელსაც მადლიერებით, მოწიწებით და პატივისცემით გავიხსენებთ“, - თქვა ჩეხეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმა, თავის სიტყვაში. კლაუსმა იმ იდეურ მემკვიდრეობაზეც ისაუბრა, რომელიც ჰაველმა მომავალ თაობებს დაუტოვა: „ჩვენთან რჩება [ჰაველის] პოზიცია, რომ თავისუფლება უნივერსალური პრინციპია და თუკი მას სადმე ვინმეს ართმევენ, ეს ჩვენს თავისუფლებასაც უქმნის საფრთხეს. ჩვენთან რჩება შეხედულება, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს - მას შეუძლია მოკლას და განკურნოს, ატკინოს და დაეხმაროს და შეუძლია სამყარო შეცვალოს.“

ტაძარში შეკრებილი ხალხის წინაშე ჩეხურ ენაზე გამოვიდა სიტყვით მადლენ ოლბრაიტი - აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რომელიც ჩეხური წარმომავლობის არის. „ეს სინდისს ადამიანის ორგანოდ აღიქვამდა, რომელსაც მუდმივი მოვლა და გაძლიერება სჭირდება. თავისუფლებას აფასებდა არა როგორც მიზანს, არამედ საშუალებას, რომელმაც საბოლოოდ სიმართლის გამარჯვება უნდა მოიტანოს. ვაცლავ ჰაველი ნამდვილი ჩეხი იყო, თუმცა მისი მახვილი გონება, სიკეთე, სიბრძნე და აზროვნების სიღრმე ყველასათვის გასაგები და ახლობელი იყო“, - თქვა მადლენ ოლბრაიტმა.

ცერემონიას უცხოეთიდან 40-მდე დელეგაცია დაესწრო, რომელშიც 15 ქვეყნის პრეზიდენტები შედიოდნენ. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იყო.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი
ცერემონიას ასევე დაესწრნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი და რამდენიმე ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსი, მათ შორის - ყოფილი პრეზიდენტი და დისიდენტი, ლეხ ვალენსა.

აშშ-ს უწინარესად წარმოადგენდა სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მისი ქმარი, ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი. ჰაველის პრეზიდენტობის პერიოდის ხანგრძლივი მონაკვეთი დაემთხვა თეთრ სახლში ბილ კლინტონის ყოფნას. ორ პოლიტიკოსს ახლო ურთიერთობა ჰქონდა - ჩეხეთში ვიზიტისას კლინტონმა ჰაველისთვის ერთხელ საქსოფონზეც დაუკრა.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ - მათ შორის აზერბაიჯანმა, ბოსნიამ, სერბიამ და ბელორუსიამ - დელეგაციები არ გამოგზავნა. ბელორუსიის ავტორიტარი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ხშირად ხდებოდა ჰაველის კრიტიკის ობიექტი.

რუსეთი, რომელიც მთელი მსოფლიოდან გავრცელებული სამძიმრის წერილების ფონზე სიჩუმეს ინარჩუნებდა, ობმუდსმენმა ვლადიმირ ლუკინმა წარმოადგინა. ის ცერემონიას საკუთარი ინიციატივით დაესწრო.

სამგლოვიარო ცერემონიას ჩეხეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ - მათ შორის, ვეტერანი პოპ-მომღერალი, კარელ გოტი.

ტაძრის გარეთ, ეზოში, უამრავი ხალხი იყო შეკრებილი.
ცერემონიის დასრულების შემდეგ ჰაველის ცხედარი პრაღის ერთ-ერთ კრემატორიუმში გადაასვენეს. მის ფერფლს შობის დღესასწაულის შემდეგ ოჯახის აკლდამაში მოათავსებენ.
ჰაველი - აბსურდისტი დრამატურგი, დისიდენტი და პოლიტპატიმარი - ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო.

ინტელექტუალური სიღრმისა და პოლიტიკური მიზანსწრაფულობის პარალელურად, ჰაველი იუმორის გრძნობით და უბრალოებით გამოირჩეოდა. პრაღის სასახლის თავზე მან დიდი წითელი გული აღმართა - პირველ წლებში კი სასახლის კორიდორებში მოტოროლერით გადაადგილდებოდა. ის როკ-მუსიკის და ავანგარდული თეატრის დიდი მოყვარული იყო.
ამდენად, ალბათ უპრიანია, რომ მასთან გამოთხოვების ცერემონია პარასკევს პრაღის ლუცერნის კომპლექსში როკ- მუსიკის, თეატრალური წარმოდგენებისა და კინოჩვენებების საღამოთი დასრულდა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG