Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულის მაღაროში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა


ტყიბულის მაღარო
ტყიბულის მაღარო
ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია 2 მაღაროელის დაღუპვა 6 ნოემბერს ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროს მეოთხე მომპოვებელ უბანზე. მაღაროს მფლობელი კომპანიის ”საქნახშირის” ინფორმაციით, უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ”სამთო დარტყმაა". ბოლო ორი წლის მანძილზე ტყიბულის მაღარომ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რამდენად უკავშირდება ეს სამწუხარო სტატისტიკა შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევას?

კომპანია ”საქნახშირის” ინფორმაციით, მაღაროელები წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ. ვიდრე სახელმწიფო კომისია 6 ნოემბერს, 21:25 საათზე მომხდარი ფაქტის ზუსტ მიზეზებს დაადგენს, ”საქნახშირის” ტექნიკური დირექტორი ზაზა გორდეზიანი ჟურნალისტებს წინასწარ ვერსიაზე ელაპარაკება:

”იყო „სამთო დარტყმა“, მოხდა შერყევა სამთო მასივის და მოხდა ჭერის უეცარი ჩამოქცევა, რამაც გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა.”

ზოგადად ”სამთო დარტყმა” ტყიბულის მაღაროსთვის უცხო მოვლენა რომ არ არის, ამას ადვილად დაგიდასტურებენ დარგის სპეციალისტები. მაგალითად, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი გუჯაბიძე განუმარტავს რადიო თავისუფლებას, სხვა გეოლოგიური თავისებურებების გარდა, სწორედ ინტენსიური და ძლიერი ”სამთო დარტყმების” გამო მიიჩნევა ტყიბულის მაღარო ერთ-ერთ ურთულეს მაღაროდ მსოფლიოში. ირაკლი გუჯაბიძე „სამთო დარტყმებს“, უფრო გასაგები ენით, ”მიკრომიწისძვრასაც” უწოდებს:

”თუკი მიწისძვრა ხდება ბევრად დიდ სიღრმეებზე და ამ პროცესებში თითქმის მთლიანად არის მოცული დედამიწის ქერქი, „სამთო დარტყმის“ დროს დაძაბულობები კონცენტრირდება დედამიწის ქერქის მცირე ნაწილში, იმ ნაწილში, სადაც ხდება ქვანახშირის, სასარგებლო წიაღისეულის გამოღება. ამ დროს დაძაბული მასივი გათავისუფლდება და დეფორმაცია გავრცელდება ქანთა მასივში.”

პროფესორი ირაკლი გუჯაბიძე ამბობს, რომ „სამთო დარტყმების“, ანუ, ასე ვთქვათ, ”მიკრომიწისძვრების” სამართავად მსოფლიოში ამ ეტაპზე არ არსებობს სრულყოფილი მექანიზმი და ამიტომ მსგავსი შემთხვევებით გამოწვეულ მსხვერპლს ვერც ერთი ქვეყანა ვერ აიშორებს თავიდან.

მაღაროელთა დაღუპვის რეალური მიზეზების დადგენამდე 6 ნოემბრის ფაქტის შეფასებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე, თუმცა ვარაუდობს, რომ შრომითი უსაფრთხოების გარკვეული ზომების გატარება შესაძლებელია „სამთო დარტყმების“ შემთხვევაშიც კი.

ამასთან, მისი თქმით, ტყიბულის მაღაროში ბოლო ორი წლის მანძილზე მომხდარი შემთხვევების უმეტესი ნაწილი სწორედ შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევევით იყო განპირობებული. გავიხსენოთ, რომ ”საქნახშირის” ხელმძღვანელობამ სხვადასხვა დროს კატეგორიულად უარყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ტყიბულის მაღაროში და უშუალოდ ამ კომპანიას არც თამაზ დოლაბერიძე ადანაშაულებს. მისი თქმით, ძირითადად სახელმწიფოს გულგრილობამ და საკანონმდებლო ნაკლოვანებებმა განაპირობა ბოლო ორი წლის სამწუხარო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ტყიბულის მაღაროს სხვადასხვა უბანზე მომხდარი აფეთქებებისა თუ ნგრევის შედეგად 12 მაღაროელი დაიღუპა და კიდევ 150 დაშავდა:

”ეს არის სისტემური ხარვეზი საქართველოს კანონმდებლობის, რომელიც არ ავალდებულებს დამსაქმებელს უსაფრთხოების ნორმების ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას, შრომის დაცვას და ასე შემდეგ... კანონმდებლობა არ იძლევა იმპერატიულ მოთხოვნებს და თუ რომელიმე დამსაქმებელი ამას აკეთებს, ეს არის მისი კეთილი ნება და ამისთვის მას, როგორც ჩანს, მადლობები უნდა ვუხადოთ...”

თამაზ დოლაბერიძე კვლავაც მოითხოვს, რომ მისმა პროფესიულმა კავშირმა მონაწილეობა მიიღოს ტყიბულის მაღაროს კვლევის, მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში, რათა რეალურად მოხერხდეს მსხვერპლის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა. პროფკავშირის თავმჯდომარე 7 ნოემბერს ტყიბულში იმ იმედით გაემგზავრა, რომ მაღაროს ადმინისტრაცია უარს არ იტყვის თანამშრომლობაზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG