Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო იარაღით მოვაჭრე რუსეთის მოქალაქე


ვიქტორ ბუტი
ვიქტორ ბუტი
ვიქტორ ბუტი, ცნობილი იარაღით მოვაჭრე რუსეთის მოქალაქე, 2 ოქტომბერს დამნაშავედ ცნო აშშ-ის სასამართლოს ჟიურიმ. განაჩენმა, რომლის თანახმადაც, ბუტი შეიძლება სამუდამოდ ჩასვან ციხეში, მოსკოვისა და აშშ-ის ურთიერთობა დაძაბა.
ერთობ იმედგაცრუებული ვარ განაჩენით, მაგრამ ის გამოცხადდა. ეს არ არის პროცესის დასასრული ...

ვიქტორ ბუტი ცნობილი ადამიანია. მას სიკვდილით მოვაჭრე უწოდეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა და აქტივისტებმა, რადგან ბუტი იარაღს აწვდიდა დანაშაულებრივად მიჩნეული ჯგუფების დიდ სპექტრს, დაწყებული თალიბანიდან, დამთავრებული ლიბერიელი საველე მეთაურით, ჩარლზ ტეილორით. აშშ-ის - ნიუ-იორკის - სასამართლო ჟიურიმ ის დამნაშავედ ცნო ყველა პუნქტში: ტერორისტებისთვის რაკეტების მიყიდვის, აშშ-ის სამხედროებისა და მოქალაქეების მკვლელობის, ასევე ტერორისტული ორგანიზაციებისთვის დახმარების საიდუმლო ორგანიზებაში. 8 თებერვალს, როცა განაჩენის აღსრულება ძალაში შევა, გაირკვევა, მიუსჯიან ბუტს მინიმუმს, 25 წლით პატიმრობას, თუ მას სამუდამოდ ციხეში ყოფნა მოუწევს. ჟიურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბუტის დამცველი, ალბერტ დაიანი, რომელიც გასაჩივრებას აპირებს: „ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ერთობ იმედგაცრუებული ვარ განაჩენით, მაგრამ ის გამოცხადდა. ეს არ არის პროცესის დასასრული. ჯერ საჩივარს შევიტანთ მოსამართლის მიმართ და შემდეგ უკვე მივმართავთი აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს.“

44 წლის ბუტი, რომელიც, სხვადასხვა გვარით და სახელით, არაერთი სახელმწიფოს პასპორტით მოქმედებდა, დიდხანს ახერხებდა დასხლტომოდა მართლმსაჯულებას. ის 2008 წელს ტაილანდში დააკავეს აშშ-ის სამსახურების მიერ მოწყობილი ოპერაციის შედეგად. ამერიკელი აგენტები მას წარუდგნენ როგორც კოლუმბიის რევოლუციური არმიის წარმომადგენლები და იარაღი სთხოვეს. ეს ორგანიზაცია აშშ-ში ტერორისტულად არის მიჩნეული. ტაილანდმა შემდეგ, აშშ-ის მოთხოვნით, მისი ექსტრადიცია მოახდინა. ნიუ-იორკში, სასამართლოზე ითქვა, რომ ბუტმა შეიტყო, რომ მის კლიენტებს იარაღი სჭირდებოდათ კოლუმბიაში აშშ-ის შვეულმფრენებსა და ამერიკელ მოქალაქეებზე თავდასხმისთვის. ბრალდებას მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია ბუტის ყოფილმა თანამოსაქმემ, სამხრეთაფრიკელმა ბიზნესმენმა ენდრიუ სმალიანმა, რომელიც გაურიგდა მართლმსაჯულებას და ბუტის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე დათანხმდა, მის მიმართ სასჯელის შერბილების სანაცვლოდ. სმალიანმა ჟიურის კონკრეტული გარიგებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ბუტის დაცვა ამტკიცებდა, რომ ბრალდებული მხოლოდ სატრანსპორტო აგენტი იყო და იარაღის ვაჭრობასთან არ ჰქონია კავშირი. თუმცა ჟიურის დამამტკიცებელი საბუთი ბევრი ჰქონდა და ექვსსაათიანი სხდომის შემდეგ განაჩენი გამოცხადდა.

აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციის - „კონფლიქტების თავიდან აცილების პროექტის“ - დირექტორი კეთი ოსტინი ამბობს, რომ ბუტის საქმემ უნდა დაანახვოს გაეროსა და ცალკეულ ქვეყნებს, რომ იარაღის კონტრაბანდის შესახებ უფრო სრულყოფილი კანონმდებლობაა საჭირო: „ვიქტორ ბუტის საქმე იხურება, მაგრამ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი ვიქტორ ბუტების წარმოშობა და ხელი შევუშალოთ სხვებს მათ ჩაენაცვლონ, მნიშვნელოვანია ცალკეულ ქვეყნებში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც იარაღით ვაჭრობას გააკონტროლებს.“

ბუტის მიმართ განაჩენს მიესალმნენ უფლებადამცავი ჯგუფებიც. მაგრამ, აშშ-სა და რუსეთს შორის ამ საქმის გამო ურთიერთობა დაიძაბა. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თვლის, რომ ბუტი საერთაშორისო სამართლის დარღვევით იქნა დაკავებული და რომ ტაილანდმა ის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გადასცა აშშ-ს. აშშ-ში რუსეთის კონსულის მოადგილემ ალექსანდრ ოტჩაინოვმა განაჩენის გამოტანის შემდეგ თქვა, რომ მოსკოვი თავისი მოქალაქის დაცვას და მისი ოჯახის მხარდაჭერას აგრძელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია ბუტი სამშობლოში დააბრუნოს, რომ ბუტის საქმე - მისი დაპატიმრება და შემდეგ გამოძიება - საერთაშორისო სამართლის დარღვევით წარიმართა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG