Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაჯილდოება


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა მოულოდნელ ბრძანებას, რომელიც მისი ავტორიტარული სისტემის მიმართ მწვავე კრიტიკული დამოკიდებულებით ცნობილი ჟურნალისტების სახელმწიფო პრემიებით დაჯილდოებას ითვალისწინებს. აქტივისტები და ჟურნალისტები იმის შესახებ მსჯელობენ, უნდა დათანხმდენ თუ არა დაჯილდოებულები პრემიების მიღებას. გთავაზობთ ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის მიერ მომზადებულ მასალას.

მიხეილ ბეკეტოვი უკვე სამი წელია, რაც იმ თავაშვებულობისა და დაუსჯელობის სიმბოლოდ იქცა, რომელსაც რუსეთის მთავრობა ავლენს დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტების მიმართ. ახლა კი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ის მოულოდნელად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა 1 მილიონი რუბლის - ანუ 32 ათასი ამერიკული დოლარის - მოცულობის პრემიით.
ბეკეტოვის სახელი იმ 10, ძირითადად დამოუკიდებელი ჟურნალისტის სიაშია, რომლებიც 31 ოქტომბერს რუსეთის მთავრობის ვებსაიტზე პრემიის ლაურეატებად გამოცხადდნენ. ამ ამბავმა დაბნეულობა და სკეფსისი გამოიწვია ჟურნალისტებისა და აქტივისტების წრეებში. მსჯელობენ იმის შესახებ, უნდა დათანხმდნენ თუ არა დაჯილდოებულები პრემიისა და ფულის მიღებას პიროვნებისგან, რომელსაც ისინი რუსეთის ავტორიტარული პოლიტიკური სისტემის მთავარ არქიტექტორად მიიჩნევენ.
კაცი, რომელიც ამ პრემიას გასცემს [პუტინი], თავად არის ერთ-ერთი შემქმნელი სისტემისა, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტს შეიძლება თავში ურტყან და სამუდამო ინვალიდად აქციონ...

სიაში მრავალი ცნობილი სახელია - მაგალითად, სერგეი პარხომენკო და ირინა პეტროვსკაია. მაგრამ ყურადღების ცენტრში მაინც ბეკეტოვის საქმე მოექცა. ბეკეტოვი, რომელსაც მოსკოვის ხიმკის შემოგარენში გამომავალი გაზეთის უკომპრომისო, პრინციპულ რედაქტორად იცნობდნენ, 2008 წლის 13 ნოემბერს თავისი სახლის წინ უგონო მდგომარეობაში, სისხლდენებით იპოვეს. ის სასტიკად იყო ნაცემი. სანამ აღმოაჩენდნენ, თითქმის ორი დღე გაატარა გარეთ, სიცივეში დაგდებულმა.

სამი წლის შემდეგ საქმე კვლავ გამოუძიებელი რჩება, თუმცა მისი ახლობლები დარწმუნებულნი არიან, რომ თავდასხმა შეკვეთილი იყო და ბეკეტოვის საქმიანობას უკავშირდებოდა. ის უშიშრად აშუქებდა ხიმკის ადგილობრივი ადმინისტრაციის კორუფციულ მაქინაციებს. ბეკეტოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა. ის მუდმივ მკურნალობის კურსს გადის ისრაელში. ადგილობრივი აქტივისტისა და ბეკეტოვის კოლეგის, ევგენია ჩირიკოვას თქმით, ბეკეტოვმა თავდასხმით მიყენებული ტრავმების შედეგად დაკარგა ტვინის ერთი მესამედი, ერთი ფეხი და სამი თითი. მას არც ლაპარაკი შეუძლია და არც კლავიატურაზე ბეჭდვა.

„კაცი, რომელიც ამ პრემიას გასცემს [პუტინი], თავად არის ერთ-ერთი შემქმნელი სისტემისა, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტს შეიძლება თავში ურტყან და სამუდამო ინვალიდად აქციონ. და სწორედ ასეთი სისტემის პირობებშია, რომ კაცი, რომელმაც, ჩვენი აზრით, შეუკვეთა მიხეილზე თავდასხმა [ხიმკის მერი, ვლადიმირ სტრელჩენკო], კვლავ თანამდებობაზე რჩება, მართავს ქალაქს, ახორციელებს მშენებლობებს და არანაირად არ დასჯილა“, ამბობს ჩირიკოვა.

ბეკეტოვის ახლობლების თქმით, თავად ჟურნალისტმა ჯერჯერობით არ იცის, რომ ის პრემიით დააჯილდოეს.
აქტივისტი და ფონდ „გლასნოსტის“ პრეზიდენტი ალექსეი სიმონოვი ამბობს, რომ თუ ბეკეტოვი ჯილდოზე დათანხმდება, მას ამის გამო არ გააკრიტიკებს: „მიშა ბეკეტოვს ახლა ასეთი პრემია ძალიან ესაჭიროება, იმიტომ რომ ისრაელში მკურნალობს, სადაც ცდილობენ მას მეტყველების უნარი აღუდგინონ. ერთი დღე იქ 1000 დოლარზე მეტი უჯდება - ამიტომ მას ასეთი პრემია მართლაც სჭირდება.“

კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელსაც პუტინმა ჯილდო არგუნა, სერგეი პარხომენკოა - რედაქტორი ჟურნალისა „მსოფლიოს გარშემო“. 1990-იან წლებში ის გავლენიანი ყოველდღიური გაზეთის, „სეგოდნიას“ დამფუძნებელი და რედაქტორი იყო. „სეგოდნია“ პუტინის პრეზიდენტობის ადრეულ ფაზაში დახურეს. პარხომენკო აცხადებს, რომ ჟურნალის სახელით პრემიას მიიღებს, თუმცა თანხას ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავს. ჟურნალისტი დასძენს, რომ არ აპირებს კრემლში დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებას.

თუმცა ბეკეტოვის დაჯილდოებას პარხომენკოც ძალიან კრიტიკულად აფასებს: „ამ სიაში მიხეილ ბეკეტოვის ყოფნას მე სხვაგვარად ვაფასებ. ჩემი აზრით, ეს დაცინვა და აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკური ცინიზმის მაგალითია. კაცს, რომელიც რუსეთის მთავრობასთან დაპირისპირების გამო დაასახიჩრეს, ახლა თავად მთავრობამ გადაუგდო ასეთი სამადლო ლუკმა.“

პოლიტიკის ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ პუტინმა ეს პრემიები დიდწილად დასავლეთის თვალში თავისი იმიჯის გასაუმჯობესებლად გასცა, პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფონზე.

მაგრამ აქტივისტების და ჟურნალისტების დიდი ნაწილისთვის ეს ნაბიჯი არადამაჯერებელია და პუტინის იმიჯის გამოსწორების ნაცვლად, მის მიმართ კიდევ უფრო მეტ სკეფსისს აღძრავს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG