Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კოლეჯში ევროკავშირის ახალი ელიტა იზრდება


ევროპის კოლეჯი
ევროპის კოლეჯი
ჩვენი რადიოს კორესპონდენტის რიკარდ იუჟიაკის რეპორტაჟის მიხედვით, მოგითხრობთ ევროპის კოლეჯზე, რომელსაც ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სასწავლებლად მიიჩნევენ.

ხალხით სავსე აუდიტორიაში ასამდე სტუდენტი ყურადღებით უსმენს პროფესორ ჟაკ რუპნიკის ლექციას. პროფესორი სტუდენტებს უჩვენებს რუკებს, რომლებიც წინა საუკუნის განმავლობაში ევროპის ცვლილებებს ასახავს.

ეკრანზე პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდის ამსახველი რუკის გამოჩენისას პროფესორი ევროპაში ერთმანეთის მეტოქე იმპერიების როლზე საუბრობს. ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდზე ლაპარაკისას ლექტორი ხსნის, რომ მაშინ მთავარი მოდელი ერი-სახელმწიფო იყო. ცივი ომის პერიოდის ევროპა კი, მისი თქმით, აღმოსავლეთ და დასავლეთ სამხედრო ბლოკების დომინაციის ქვეშ იმყოფებოდა.
შემდეგ რუპნიკი აუდიტორიას უხსნის, რომ დღევანდელი ევროპა ევროკავშირის და მისი გაფართოების იდეას ეფუძნება.

ბუნებრივია, თანამედროვე ევროპის ისტორიის შესახებ ამგვარი შინაარსის ლექციები უამრავ სასწავლებელში იკითხება, მაგრამ ეს კონკრეტული გაკვეთილი ჩვეულებრივ ლექციას მაინც არ წარმოადგენს. რუპნიკი ლექციას ევროპისთვის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სასწავლებელში ატარებს - ევროპის კოლეჯში.
საქმე გვაქვს იმის ძალიან გონივრულ ნიმუშთან, თუ როგორი შეიძლება იყოს ევროპული ელიტა...

ბელგიაში, ფლანდრიის ქალაქ ბრიუგეში განთავსებული ეს პატარა უნივერსიტეტი 1949 წელს დაარსდა. მას შემდეგ მისი ათიათასობით კურსდამთავრებული გახდა ევროკავშირის სხვადასხვა უწყების მოხელე, ლობისტი ან იურისტი.

სწავლება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე მიმდინარეობს. 1993 წელს უნივერსიტეტის ფილიალი ვარშავაშიც გაიხსნა, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების პროცესისთვის მომზადების მიზნით.
კოლეჯის ხარჯების დაახლოებით მეოთხედს ევროპის კომისია ფარავს, დანარჩენს - კერძო დონორები, მთავრობები, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა და სწავლების საფასური 21,000 ევროა.
რუპნიკი - ფრანგი პროფესორი, რომელიც ერთ დროს ჩეხეთის პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის მრჩეველიც იყო - უარყოფს აზრს, რომ კოლეჯი სხვა არაფერია თუ არა ევროკავშირელი ბიუროკრატების სამჭედლო: „ეს არ არის ჰომოგენური, ტვინგარეცხილი, ევროცენტრისტი ჯგუფი. პირიქით - საქმე გვაქვს იმის ძალიან გონივრულ ნიმუშთან, თუ როგორი შეიძლება იყოს ევროპული ელიტა, ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით. ვიცი, როცა გესმით ფრაზა „ევროელიტა“, ფიქრობთ: ღმერთო ჩემო, ეს ხომ ბრიუსელში მსხდომი კომისია და ტექნოკრატებიაო. ჯერჯერობით მე ასე არ ვხედავ, თუმცა მათგან რამდენიმე ერთ დღეს შესაძლებელია ასეთად იქცეს.“

ასეა თუ ისე, ევროპის კოლეჯის კურსდამთავრებულების დიდი უმრავლესობა ადრე თუ გვიან მუშაობას იწყებს ბრიუსელში, სადაც მათ ზოგჯერ „ბრიუგეს მაფიასაც“ კი უწოდებენ. კოლეჯის კურსდამთავრებულებს მართლაც საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ქსელი აქვთ შექმნილი, ბევრი მათგანი კი გავლენიან თანამდებობებსაც აღწევს.

კოლეჯის კურსდამთავრებულებს შორის - ვინც, მაგალითად, გაიარა კურსები „პოლიტიკური რისკების ანალიზსა და მენეჯმენტში“, „ევროკავშირის გადასახადების პოლიტიკასა“ და „დღევანდელი დიპლომატიის თეორიასა და პრაქტიკაში“ - არიან დანიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჰელე თორნინგ-შმიდტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ნიკ კლეგი.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტი კოლეჯის დერეფანში ავსტრიელ სტუდენტს, ტომასს გამოელაპარაკა, რომელმაც გვითხრა, რომ ბრიუგეში სწავლის სურვილის გამო მან ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიატოვა სამსახური. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ის იმედოვნებს, რომ ევროპის კომისიაში იშოვის პოსტს: „ბრიუგეში განთავსებულ ევროპის კოლეჯს მთელი ევროპის მასშტაბით აქვს განსაკუთრებული რეპუტაცია. როცა აქ ყველა ჩემს კოლეგას ვუყურებ, აშკარაა, რომ ყველა ატაცებულია ამ იდეით - გადავლახოთ ერ-სახელმწიფოებს შორის არსებული ძველი დაპირისპირებები და ვიპოვოთ ერთობლივი გადაწყვეტები. აქ გამეფებული ატმოსფერო, ჩემი აზრით, მართლაც განსაკუთრებულია.“
კოლეჯში რომელიმე კონკრეტული იდეოლოგიის ან მოსაზრების დამცველები არ ვართ. ნათელია, რომ კოლეჯი პროაქტიურია...

სასწავლებელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ევროპელი ლიდერების, მათ შორის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის მიერ. კოლეჯს განიხილავდნენ კონტინენტზე კიდევ ერთი დამანგრეველი ომის თავიდან არიდების საშუალებად. სასწავლებელი მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის - ძირითადად გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის - ერთმანეთის გაცნობისა და იდეების გაცვლა-გამოცვლის საშუალება მიეცა.

შემდეგ კოლეჯი გაფართოვდა და იქცა ერთგვარ ცენტრად ევროფედერალისტებად - იმავე „ახალ ევროპელებად“ - ცნობილი ჯგუფისთვის, რომელიც კონტინენტის სამსახურში ყოფნას ცალკეულ ეროვნულ ინტერესებზე უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. თუმცა აკადემიური პროგრამების დირექტორს ტიერი მონფორტის თუ დავუჯერებთ, ბოლო წლებში ფედერალისტური იდეალის მნიშვნელობა აღარ არის უწინდელივით აქტუალური: „კოლეჯში რომელიმე კონკრეტული იდეოლოგიის ან მოსაზრების დამცველები არ ვართ. ნათელია, რომ კოლეჯი პროაქტიურია და ჩვენი სურვილის შესაბამისად იმედოვნებს, რომ ევროპაში ინტეგრაცია განმტკიცდება. მაგრამ როგორ მოხდება ეს - არავინ იცის. თუკი თავიდან ჩვენ „ახალი ევროპელი“ უნდა შეგვექმნა, ახლა ჩვენს მთავარ მიზნად უნდა მივიჩნიოთ ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემა და მათი გადაქცევა ახალგაზრდა დემოკრატ ევროპელებად, რომლებსაც ევროპის მომავლის რწმენა აქვთ.“

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც კოლეჯში წელს განიხილავენ, ამჟამად შექმნილი ეკონომიკური კრიზისია, რომელსაც მთელი ევროპული პროექტის შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ. თუმცა ავსტრიელი სტუდენტი, ტომასი, მაინც იმედიანად არის. „იქნებ ასეთი კრიზისი გვჭირდებოდეს კიდეც, რათა უფრო მეტად ინტეგრირებული ევროპა მივიღოთო“, უთხრა მან ჩვენი რადიოს კორესპონდენტს და დასძინა, დღეს დისკუსიები იმის შესახებ მიმდინარეობს, რომ ევროკავშირს საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებთან მიმართებით მეტი კომპეტენცია უნდა მიეცეს. შესაბამისად, შესაძლოა ათ წელიწადში დღევანდელზე ბევრად უფრო ძლიერი ევროკავშირი მივიღოთო.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG