არსებობს ისეთი სიმღერები, სადმე შემთხვევით ყურს რომ მოჰკრავ, მელოდია აგეკვიატება და მერე მთელი დღე ღიღინებ. ამგვარი საღიღინო სიმღერების ჩვენ-ჩვენი პლეილისტი კიდევ ყველას გვაქვს და, ალბათ, იმაშიც დამეთანხმებით, რომ ამ საქმიანობაზე სასიამოვნო ნამდვილად არაფერია.
„House of the Rising Sun“ - „ამომავალი მზის სახლი“ - სწორედ ასეთი სიმღერების რიცხვს მიეკუთვნება. იგი ძალიან ბევრს უყვარს და ტექსტიც ზეპირად იცის. თუ არადა, ადამიანი არ მეგულება, ერთხელ მაინც რომ არ ჰქონდეს მოსმენილი.
ისევე როგორც ყველა ხალხური სიმღერის, ამ ბალადის წარმოშობის ისტორიაც ბუნდოვანია. ფოლკლორისტმა ალან ლომაქსმა ფეხით შემოიარა მთელი ამერიკა, ბევრი იწვალა პირველწყაროს დასადგენად და მრავალი თეთრად ნათევი ღამის მერე გამოტყდა - მელოდია ტრადიციული ინგლისური ბალადის გადამღერებააო, ხოლო ტექსტის ავტორებად ჯორჯია ტერნერი და ბერდ მარტინი დაასახელა.
ამ პატივცემულ ადამიანზე კომპეტენტური დღესაც არავინ მოიძებნება. ასე რომ, ალან ლომაქსის ვერსიას თუ მივყვებით, ჯორჯია ტერნერმა და ბერდ მარტინმა ტექსტი საროსკიპოს შესახებ დაწერეს, რომელიც ახალ ორლეანში მდებარეობდა. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ტექსტში ქალთა ციხე მოიაზრება.
მოკლედ რომ ვთქვათ, დანამდვილებით კაციშვილმა არ იცის, საიდან წამოვიდა ეს სახელწოდება და გაურკვევლობაც, ალბათ, იქამდე იარსებებს, სანამ ამ სიმღერის შესრულება არ მობეზრდებათ. არადა, ვის არ უმღერია: ლედბელის, ნინა სიმოუნს, ოდეტას და სხვებს. რა თქმა უნდა, ეს ნუსხა არასრულია, რადგან მინიმუმ 250 ცნობილი ვარიანტი არსებობს.
ყველაზე გამორჩეული კი, რასაკვირველია, ბობ დილანისა და “ენიმალსის” ვერსიებია. თუმცა არის კიდევ ერთი - უსამართლოდ მივიწყებული, ისევე როგორც მისი შემსრულებელი. დეივ ვან რონკს ვგულიხმობ - ნიუ-იორკელ ირლანდიელს, სპირტის სუნით.
Dave Van Ronk – The House of the Rising Sun
.
დეივ ვან რონკი ბრუკლინში გაიზარდა. ყმაწვილკაცობაში ბენ ვებსტერის, ჯიმი რაშინგის კონცერტებს ესწრებოდა, უსმენდა ბლუზმენებსაც - ბლაინდ უილი ჯონსონსა და ბლაინდ ლემონ ჯეფერსონს. რამდენადაც ნიჭიერი, იმდენად უცნაური ჯეილი გახლდათ - მეზღვაური და კულტურული ლოთი. მძიმე ხასიათი ჰქონდა, შარიანი და მეტად უჟმური ვინმე იყო. ტანად უზარმაზარი, გაბურძგნილი თმითა და წვერით დაიარებოდა. ერთი ახირება ჰქონდა: ბრუკლინის ბარებში ფეხით უხეშად შეაღებდა ხოლმე კარს, თვალებს დააბრიალებდა - დეივი ვარ, ვან რონკი, გიტარა მომაწოდეთო. მთვრალ, გაბრაზებულ ირლანდიელს, აბა, უარს ვინ ეტყოდა და ისიც ერთ-ორ ჯაზურ თუ ბლუზურ ულამაზეს თემას იმღერებდა, მერე კი მთავრობის გინებით ტოვებდა იქაურობას.
ჰოდა, 1962 წელს დეივ ვან რონკმა „ამომავალი მზის სახლის“ საკუთარ ალბომში შეტანა როცა დააპირა, ბობ დილანმა დაასწრო და თავის სადებიუტო ალბომში აამღერა.
Bob Dylan – House of the Rising Sun
.
დილანის ვერსია იმდენად მაგარი გამოდგა, სიმღერის ავტორობაც მას მიაწერეს და ჭორები გავრცელდა - ვან რონკმა ეს ვერსია დილანს მოჰპარა, ბობი უფრო მაგარიაო. ფიცხ ირლანდიელს მეტი რა უნდოდა, პირტიტველა რობერტ ციმერმანზე გაიწია, ამ ლაწირაკმა ჩემი არანჟირება მიითვისაო და ლამის ცოდვაშიც ჩადგა ფეხი. არადა, მეგობრობდნენ, გრინვიჩ ვილეჯში, ვაშინგტონის მოედანზე ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. ეს მოედანი კი ახალგაზრდა ფოლკ-მომღერლების ტრადიციული შეკრების ადგილად ითვლებოდა - მღეროდნენ, საუბრობდნენ, ერთმანეთს ცოდნასა თუ გამოცდილებას უზიარებდნენ. „განაბი“ კი უდავოდ დეივ ვან რონკი იყო. ბობ დილანი მას „ქუჩის მეფედაც“ მოიხსენიებდა და უდიდეს პატივს სცემდა უფროს მეგობარს.
ამ ამბის მერე ვან რონკი „ამომავალი მზის სახლს“ აღარც გაჰკარებია. ჯაზური სტანდარტებით ირთობდა თავს, ხან დიქსილენდს უბერავდა და, რა თქმა უნდა, ხალხურ სიმღერებსაც არ ივიწყებდა. ყოფით ამბებზე მღეროდა, ორმოცდათიანელი „გაბრაზებული თაობის“ ტკივილებსა თუ განცდებზე. მერე როკ-მუსიკა გამოჩნდა და ფოლკ-მომღერალიც მიივიწყეს. 2002 წელს გარდაიცვალა, 66 წლის ასაკში.
ამას წინათ ყური მოვკარი, ძმებ კოენებს განუზრახავთ მასზე ფილმის გადაღებაო - ნამდვილად არ ვიცი, როგორ ასახავენ მის ცხოვრებას, მაგრამ ერთი კი ფაქტია - დეივ ვან რონკი ისევე გემრიელად მღეროდა, როგორც ცხოვრობდა და ისევე ცხოვრობდა, როგორც, მაგალითად, ამ ბალადას მღერის:
Dave Van Ronk - St.James Infirmary