Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნგიუენ ლე


ნგიუენ ლე
ნგიუენ ლე
ვიეტნამში არასოდეს ვყოფილვარ. მის ხსენებაზე დღემდე მხოლოდ ერთი ასოციაცია მიჩნდება. იმ უზნეო ომს ვგულისხმობ, რამდენიმე სინდისდაკარგული ადამიანის წყალობით რომ დაიწყო. ერთმანეთისათვის უცხო კულტურათა კონფლიქტი, როგორ წარიმართა კიდევ, ჰოლივუდური ფილმებით შევიტყვე. მათი ნახვისას კი მტყუან-მართალის გარჩევა არასოდეს მიცდია, ჩვენშიც ისროდნენ მაშინ და ომზე დიდი ბოროტება რომ არ არსებობს, მაგ ფილმების გარეშეც ჩვენებმა მიმახვედრეს. შესაბამისად, არც ამერიკელ ბიჭებს ვგულშემატკივრობდი და არც ვიეტნამელებს, რომელთაც, ხშირ შემთხვევაში, რატომღაც სულ ბავშვური სახეები ჰქონდათ, დახოცილებს განსაკუთრებით.

ჰოდა, ჰოლივუდური ფილმების წყალობით, ვიეტნამელის სტერეოტიპი ჩამომიყალიბდა, მიწისქვეშა გვირაბებში მძრომიალე ტანმორჩილი ჯარისკაცის სახით და აუცილებლად კალაშნიკოვის ავტომატით ხელში. სამწუხაროდ, ეგ არის და ეგ, ჩემი ცოდნა და ასოციაცია ამ ქვეყანასა თუ ხალხზე. ამიტომ, ერთხელაც სასიამოვნოდ გამიკვირდა, როცა ერთ ვიეტნამელ მუსიკოსს გადავეყარე. გამიკვირდა იმიტომ, რომ ჯერ ერთი – კალაშნიკოვის ნაცვლად სტრატოკასტერის გიტარა აეღო ხელში და თანაც ვიეტნამელს – ჯაზში პირველად მოვუსმინე. მას ნგიუენ ლე ჰქვია, სწორედ მის შესახებ ვისაუბრებთ დღეს.

ნგიუენ გვარია და ისეთივე გავრცელებულია ვიეტნამში, როგორც ჩვენში, მაგალითად, ბერიძე ან კაპანაძე. მისი მშობლები იმ თაობას ეკუთვნოდნენ, ოციან წლებში ევროპაში რომ ჩამოდიოდნენ განათლების მისაღებად. ასე რომ, ევროპის გემო კარგად იცოდნენ და, საიგონის დაცემის შემდეგ, ვიეტნამიდან დედაბუდიანად მალევე გადმოსახლდნენ საფრანგეთში. მუსიკოსიც იქ დაიბადა 1959 წელს.

პარიზი კიდევ რისი პარიზია, ყმაწვილი კაცისთვის ტვინი რომ არ აერია, ამიტომ დიდხანს იწვალა, თუ რა გზით ევლო ცხოვრებაში. ჯერ სამხატვრო აკადემია დაამთავრა, გამოფენებიც მოაწყო და ნახატებიც წარმატებით გაეყიდა. მერე, როგორც ჩანს, მობეზრდა და ფილოსოფიაში გადაიჭრა, იქაც ბევრი ისწავლა და იფიქრა. ოცდაოთხის რომ შესრულდა, საკუთარი ჯგუფი „Ultramarine“ შექმნა, ისე, გასართობად და ამ თამაშ-თამაშში კამიუც, ბოდიში და, ფეხებზე დაიკიდა და მთელი ფრანგული იმპრესიონიზმიც.

მიუხედავად იმისა, რომ თვითნასწავლი გიტარისტი გახლდათ, 28 წლის ასაკში ჯერ კიოლნის რადიოს ბიგ-ბენდში გამოჩნდა, შემდეგ კი საფრანგეთის ნაციონალურ ჯაზ-ორკესტრშიც მიიწვიეს, სადაც ისეთ მუსიკოსებთან ერთად მოუხდა მუშაობა, როგორებიც იყვნენ, მაგალითად: კარლა ბლეი, სტივ სვოლოუ, ქუინსი ჯონსი და რენდი ბრეკერი.

ნგიუენ ლეს ხშირად პეტ მეთენის ადარებენ, ხელწერისა და იმპროვიზაციული მანერის გამო. არტისტების შედარება არ მიყვარს და არც მეთენიზე ვგიჟდები, მართალი გითხრათ. თუმცა, თუ ასე მიდგა საქმე, ალბათ, უფრო „იორკშირელ“ – ჯონ მაკლაფლინთან გავავლებდი პარალელებს, უფრო სწორად, მის პროექტთან Free Spirits, რომელიც ჯო დე ფრანჩესკოსა და დენის ჩემბერსთან ერთად შექმნა. თანაც, ნეტარსახიანმა „გურუმ“ მუსიკის დაკვრა ხომ როკით დაიწყო ერიკ კლაპტონთან ერთად, ჰოდა, ნგიუენ ლემაც იგივე გზა განვლო – როკიდან ჯაზ-როკ ფიუჟენსა და ეთნო-ფიუჟენამდე. მით უმეტეს, ჯიმი ჰენდრიქსზე აფრენდა ახალგაზრდობიდან და 2002 წელს მთელი ალბომიც მიუძღვნა.

ნგიუენ ლე ჯაზის დიდ სცენაზე 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, არცთუ ურიგო სოლო ალბომებით, რომელთაც ყველაზე მკაცრმა კრიტიკოსებმაც კი საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს. თუმცა, როგორც იტყვიან, სათანადოდ მაინც ვერ გაიქაჩა, რადგან 90-იანები, მისი კოლეგების – მაიკ სტერნისა და ჯონ სკოფილდის – შემოქმედების პიკი გახლდათ. უდავოდ ნიჭიერი ვიეტნამელი მათ ჩრდილქვეშ მოექცა და მოკლედ, ვერ გაიხარა. თუმცა მთლად ეგრე ცუდადაც არა აქვს საქმე. პარიზის ჯაზურ სცენაზე მუდმივად ტრიალებს, ექსპერიმენტალურ ალბომებსაც იწერს და უყურადღებობას ნამდვილად არ უჩივის.

ჯაზი ხომ სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული მუსიკალური იმპულსებით ვითარდება, ამიტომ ნგიუენ ლესაც თამამად შეუძლია თქვას, რომ ამ პროცესის ერთ-ერთი ღირსეული მონაწილეა.

და ბოლოს, ლიონის 2009 წლის ლაივზე მოვხვდეთ, სადაც, შინაურულად რომ ვთქვათ, მაგარი დაკვრა მიდის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG