Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


19 სექტემბერს ჟურნალ “ფორინ პოლისიში” გამოქვეყნდა ეკონომისტ ანდრეი ილარიონოვის წერილი “აფხაზეთის დამოუკიდებლობის ფარსი”. ავტორი, რომელიც 2000-დან 2005 წლამდე რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩეველი იყო ეკონომიკის საკითხებში, წერს, რომ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ხელშეწყობა საერთაშორისო სამართლის დაცინვას წარმოადგენს, მისი აღიარება კი ეთნიკური წმენდის შემაძრწუნებელი გამართლება იქნება. “საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, გასულ თვეში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. იმ ფაქტმა, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა ეს არჩევნები აბსოლუტურად არალეგიტიმურად მიიჩნიეს და უარყვეს, აფხაზთა “ბრძოლის” მხარდამჭერებს ხელი არ შეუშალა, გაეგრძელებინათ მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებისთვის წარმოებული კამპანია. რუსეთის მინისტრებმა, რასაკვირველია, კენჭისყრა შეაქეს. თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა არ უნდა მოტყუვდეს” – წერს ავტორი და განაგრძობს – “აფხაზური რეჟიმი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მას რუსეთი უჭერს მხარს, თავისი სამხედრო სიმძლავრით და ფინანსებით. საერთაშორისო აღიარებისკენ წარმოთქმული მოწოდებები მოხერხებულად არიდებენ თავს იმას, თუ როგორ შეიქმნა ის – 1990-იან წლებში 10 000-მდე სამოქალაქო პირის დახოცვით და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აფხაზეთიდან 300 000-ზე მეტი ადამიანის განდევნით”. ავტორის აზრით, ამ აფხაზი შეიარაღებული დაჯგუფებების და მათი რუსი მოკავშირეების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებისთვის ლეგალური განსაზღვრების მოძებნა საერთაშორისო სასამართლოების საქმეა. მაგრამ ამ აქტების იგნორირება არავინ არ უნდა მოახდინოს, როცა მსჯელობა ამ რეგიონის მომავალს ეხება – რეგიონის, რომელიც მისი მოსახლეობის დიდი უმრავლესობისგან ძალის გამოყენებით დაცალეს. სტატიაში ავტორი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ დანაშაულები ადრეული 1990-იანი წლების ომის მონაწილე ქართულმა მხარემაც ჩაიდინა, შეიარაღებული დაჯგუფებების ხელით. “მაგრამ მას შემდეგ, საქართველომ – მისმა მთავრობამ და საზოგადოებამ – დამნაშავეებს პასუხი მოსთხოვა. შეიარაღებული დაჯგუფებები დაიშალა და აიკრძალა, მათი ლიდერები დააპატიმრეს. აფხაზეთის მხარეს არაფერი მსგავსი არ მომხდარა” – წერს ილარიონოვი და დასძენს: “აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატებიდან არც ერთს არ უღიარებია - დაგმობაზე რომ არაფერი ვთქვათ - ის, რომ ეთნიკური წმენდა მოხდა”. სტატიის მეორე ნახევარს ილარიონოვი აფხაზეთისა და კოსოვოს შემთხვევებს შორის პარალელს უთმობს, აცხადებს, რომ ორ შემთხვევას შორის ბევრი მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. “მარტივად რომ ვთქვათ, კოსოვოს დამოუკიდებლობა ეთნიკური წმენდისთვის [სერბების] სასჯელი იყო. აფხაზეთის დამოუკიდებლობა კი ეთნიკური წმენდის შემაძრწუნებელი გამართლება იქნება - მისი ჩამდენების დაჯილდოება”. სტატიის ბოლოს ილარიონოვი ასკვნის: “აფხაზ ხალხს ევროპასთან თანამშრომლობა ესაჭიროება - ისინი იმსახურებენ მსოფლიო თანამეგობრობის ნაწილად ყოფნას. მაგრამ ის, თუ რა ფორმით მოხდება ეს, უმნიშნველოვანესია”. ავტორის აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავაც უნდა მოითხოვოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო შეთანხმების შესრულება, რომელიც რუსეთის სამხედროების გასვლას ითვალისწინებს. შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები უნდა შემუშავდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და იძულებით გადაადგილებულ პირებს დაბრუნების უფლება მიეცეთ. “ყოველივე ამის გარეშე გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი საერთაშორისო სამართალს ნაგვის ყუთში ათავსებს და ნებისმიერი არჩევნები, რომელიც გაძევებული ხალხის დაბრუნებამდე ჩატარდება, მხოლოდ და მხოლოდ ტრაგიკული ფარსი შეიძლება იყოს” – ასეთ დასკვნას აკეთებს ანდრეი ილარიონოვი სტატიის ბოლოს. შეგახსენებთ, წერილი, ჟურნალ “ფორინ პოლისიმ” დაბეჭდა 19 სექტემბერს.
20 სექტემბერს ჟურნალ “ნეიშენალ ინტერესტში” კავკასიის საკითხების ცნობილმა ექსპერტმა, ტომას დე ვაალმა გამოაქვეყნა სტატია “რუსეთ-საქართველოს ომის გამრუდება”. ავტორი წერილს ასე იწყებს: “საქართველო-რუსეთის კონფლიქტი მხოლოდ სამი წლის წინ მოხდა - თუმცა ის უკვე ისეთივე მითოლოგიზაციის საგანია, როგორც ტროას ომი. მოვლენების მითოლოგიზაცია რეალურად მომხდარს ბუნდოვანს ხდის და ორ მხარეს კიდევ უფრო გაურთულებს შერიგებას მაშინ, როცა ისტორიის ბორბალი ისევ დატრიალდება და მათ ასეთ შანსს მისცემს”. დე ვაალი წერს, რომ ეს გაბუნდოვნება ყოველი თვის გასვლასთან ერთად ძლიერდება. “დიკ ჩეინის მემუარებში - სათაურით “ჩემს დროში” – კონფლიქტის შესახებ თხრობისას ბალანსს არ ველოდი” – შენიშნავს ავტორი და დასძენს – თუმცა ის კი მეგონა, რომ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ფაქტების კარგი შემმოწმებლები ეყოლებოდაო. დე ვაალის თქმით, ჩეინი წერს, რომ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს “დიდძალი რუსი მოსახლეობა” ჰყავდათ – რაც, დე ვაალის თქმით, არ არის სწორი, რადგან საუბარია ოსებსა და აფხაზებზე, რომლებმაც რუსეთის პასპორტები აიღეს. დე ვაალს ჩეინის სხვა ციტატაც მოჰყავს – რომ 2008 წლის აგვისტოში “სამხრეთ ოსეთის ძალებმა, რომლებიც რუსეთის ძალებს ემორჩილებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებს“; ესეც არასწორიაო, წერს დე ვაალი და აქვე აღნიშნავს: “ქართულ და ოსურ სოფლებს შორის შეტაკებები იყო, მაგრამ რუსეთის სამშვიდობო ძალებს ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ, სანამ 8 აგვისტოს ქართული მხარის შეტევა არ დაიწყებოდა”. ამის შემდეგ ტომ დე ვაალი საუბარს ომის შესახებ განხორციელებული – ან წარმოების პროცესში მყოფი – როგორც რუსული, ისე ქართული კინოპროექტებით განაგრძობს. რუსეთმა სულ ახლახან გამოაცხადა, რომ ამ თემაზე ახალ ჰოლივუდურ ბლოკბასტერს 9 მილიონამდე დოლარს დაახარჯავს. საქართველოს პროექტი, “აგვისტოს 5 დღე” კი, დე ვაალის თქმით, გასულ თვეში წარუდგინეს ვაშინგტონში შეკრებილ მცირერიცხვოვან აუდიტორიას. “შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ფილმი მართლა ისეთი ცუდია, როგორადაც აღწერენო” – წერს დე ვაალი. მისი თქმით, ფილმში შერწყმულია ბევრი ბომბი, აფეთქებული მანქანები, საქართველოს ლამაზი პეიზაჟები, ტლანქი აქცენტებით საუბარი და რეალობის აღმაშფოთებელი გამრუდება. “აგვისტოს 5 დღის” ნახვის შემდეგ ავტორს ინტერნეტით კონფლიქტის შესახებ რუსეთის პირველი კინომცდელობა – “ოლიმპუს ინფერნო” – უნახავს. უცნაურია, რომ ამ ფილმის ფაბულა ზუსტად ემთხვევა აგვისტოს 5 დღისას – ოღონდ მის სარკისებურ ანარეკლს წარმოადგენსო, – წერს დე ვაალი. “პარალელები თვალშისაცემია – ბოროტების სადისტი რუსი/ქართველი ჯარისკაცის იერსახეში ხორცშესხმის დონემდე” – აღნიშნავს ავტორი. ის ერთ საინტერესო დეტალსაც გამოკვეთს, რომ როგორც ქართულ, ისე რუსულ პროექტებში ჭეშმარიტების მცოდნე და მისი მსოფლიო ასპარეზზე გატანის შემძლე ფიგურა ამერიკელია: “აგვისტოს 5 დღის” შემთხვევაში – ის ამერიკელი ჟურნალისტია, “ოლიმპუს ინფერნოში” კი – ამერიკელი მეცნიერი. სტატიას ტომ დე ვაალი ასე ასრულებს: “ბუნებრივია, ვერც ერთი ეს ფილმი ახლოსაც ვერ მიდის იმ კონფლიქტის რეალურ კომპლექსურობასთან, რომ, როგორც ახლა უკვე ვიცით, იერიში პირველმა საქართველომ მიიტანა, შემდეგ კი ამას რუსეთმა დიდი სისასტიკით უპასუხა. რეალობის ის კინემატოგრაფიული ვერსიები, რომლებიც რუსეთმა და საქართველომ წარმოადგინეს, ნამდვილად მისცემს მდიდარ მასალას კულტურის სფეროში სადოქტორო ნაშრომზე მომუშავე სტუდენტს. მაგრამ ჩვენ კვლავაც ველოდებით 2008 წლის აგვისტოს შესახებ ისეთ ვერსიას, რომელიც სამართლიანად მოეკიდება პოლიტიკურ რეალობას და მსხვერპლთ კონფლიქტის ორივე მხარეს მიაგებს პატივს”. ტომ დე ვაალის სტატია ჟურნალ “ნეიშენალ ინტერესტში” 20 სექტემბერს გამოქვეყნდა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG