Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვმო - რუსეთმა პირობა დაარღვია და საქართველოც ალაპარაკდა


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხის გარშემო დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებზე ქართული მხარე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც რუსეთმა რამდენჯერმე დაარღვია მხარეებს შორის დადებული ე.წ. ”ჯენტლმენური შეთანხმება” დეტალების გაუხმაურებლობასთან დაკავშირებით. შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრის პარალელურად, ქართული მხარე სიცრუეში ადანაშაულებს რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს.
თუკი თქვენ გინდათ გქონდეთ ინფორმაცია ტვირთების მოძრაობის შესახებ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების გავლით, მზად ვართ ასეთი ინფორმაცია გავცეთ ელექტრონული ფორმით...

თუკი რუსეთი მხოლოდ იმ პირობებზეა თანახმა, რაზეც პრეზიდენტმა მედვედევმა 4 აგვისტოს ინტერვიუში ილაპარაკა, მაშინ მას ამ ინტერვიუთი უარი უთქვამს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სერგი კაპანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში. მისი თქმით, ქართული მხარე არასოდეს დათანხმდება რუსეთის მცდელობას, რომ მარტივად აუაროს გვერდი საქართველოს მიერ წამოყენებულ მთავარ პირობას, რაც ”განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს. არადა, თუკი რუსეთისა და საქართველოს მედიის წარმომადგენლებისთვის 4 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუს ერთ ფრაგმენტს გავიხსენებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის პრეზიდენტს საკითხი უკვე შეთანხმებულადაც კი მიაჩნია:

”ჩვენი პოზიცია მარტივია: თუკი თქვენ გინდათ გქონდეთ ინფორმაცია ტვირთების მოძრაობის შესახებ, მათ შორის ტრანზიტული ტვირთებისა - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების გავლით, მზად ვართ ასეთი ინფორმაცია გავცეთ და, სხვათა შორის, ელექტრონული ფორმით, ყველაზე თანამედროვე გზით. სხვათა შორის, მე ამის შესახებ შევუთანხმდი შვეიცარიის პრეზიდენტს და სწორედ ამის შესახებ ველაპარაკე გუშინ პრეზიდენტ ობამასაც. ამ გაგებით, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ შვეიცარიის წინადადებები.”

”მედვედევი ცრუობს”, - ამბობს ჩვენთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და იქვე განმარტავს, რომ შვეიცარიელი შუამავლების მიერ მომზადებული წინადადებები საბაჟო-საკონტროლო პუნქტებზე მოძრავი ტვირთების შემოწმების იმაზე გაცილებით რთულ და სრულყოფილ მექანიზმს გულისხმობს, ვიდრე ეს პრეზიდენტ მედვედევს წარმოუდგენია - უბრალო სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების სახით.
სერგი კაპანაძე

”მასში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია კამერა, ანუ საშუალება იმისა, რომ ღია რეჟიმში დაინახოს ყველა მხარემ, თუ რა ტვირთი მოძრაობს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე; მეორე ელემენტია წინასწარი ინფორმაციის მიღება შემოსასვლელი ტვირთის შესახებ; ხოლო მესამე ელემენტია ისეთი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც ძალიან მარტივი იქნება ყველა ინფორმაციის - მათ შორის, იმპორტიორებისა და თრეიდოპერატორების მიერ შეყვანილი ინფორმაციის - მიღება”, - ამასთან, საბაჟო პუნქტების კონტროლის ეს მრავალმხრივი მექანიზმი, სერგი კაპანაძის თქმით, შვეიცარიული მხარის წინადადებების მიხედვით, განიხილება ერთ მთლიან პაკეტში საერთაშორისო მონიტორინგთან ერთად.

საქართველოს პოზიციით, საბაჟო-საკონტროლო პუნქტების მონიტორინგისთვის საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა ევროკავშირი, თუმცა, როგორც 8 ივლისს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” ეთერში განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, შესაძლებელია, რომ ეს როლი ნებისმიერმა ავტორიტეტიანმა საჯარო ორგანიზაციამაც შეასრულოს. ”ვფიქრობ, რომ ეს რუსეთისთვის მინიმალური ფასია იმისთვის, რასაც ის იღებს“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ჩვენ აღარ ვითხოვთ, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე იდგნენ ქართველი მებაჟეები და მესაზღვრეები - ეს დათმობა ქართულმა მხარემ უკვე გააკეთა...

თუმცა, როგორც ეს პრეზიდენტ მედვედევის 4 აგვისტოს ინტერვიუდან გამომდინარეობს, რუსეთი უარს ამბობს ”განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტების საერთაშორისო მონიტორინგზე. აშკარაა, რომ ამ თემას ის ქართული მხარის მიერ საკითხის პოლიტიზების მცდელობად განიხილავს და მიანიშნებს თბილისს, რომ თუკი მოსკოვის პოზიციას ის უპრობლემოდ დაუჭერს მხარს, ეს მხარდაჭერა შესაძლოა გახდეს რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესების გარკვეული საწყისიც.

ქართული მხარე კი საბაჟო პუნქტების საერთაშორისო მონიტორინგის საკითხის - მისთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხის - დათმობას არ აპირებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე უკვე საკმარისად მიიჩნევს იმ საკითხის დათმობას, რომელსაც ვმო-ზე რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში საქართველო წლების განმავლობაში ითხოვდა:

”ჩვენ აღარ ვითხოვთ, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე იდგნენ ქართველი მებაჟეები და მესაზღვრეები - ეს დათმობა ქართულმა მხარემ უკვე გააკეთა. ეს იყო ყველაზე დიდი და ყველაზე პრინციპული დათმობა. ასეთი ტიპის ფუნდამენტურ დათმობას ქართული მხარე აღარ და ვეღარ გააკეთებს.”
გარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუკი რუსეთს მართლაც სურს ვმო-ში გაწევრიანება...

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხის გარშემო დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებების ოთხი უშედეგო რაუნდის შემდეგ, მომდევნო რაუნდი სექტემბერში გაიმართება.

”გარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუკი რუსეთს მართლაც სურს ვმო-ში გაწევრიანება და თუკი შვეიცარიული მხარის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს ის კონსტრუქციულად მიუდგება”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჟენევაში, ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG