Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ვმო-ში - საქართველოს პირობა უცვლელია


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრისათვის ემზადებიან საქართველოსა და რუსეთის მთავრობათა წარმომადგენლები. 29 აპრილს ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ შეთანხმების კომპრომისული ვარიანტის მიღების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა რუსულ მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მხარე კვლავ ითხოვს რეალურ საბაჟო კონტროლს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, საუბარია საერთაშორისო კონტროლსა და ჩართულობაზე...

4 მაისს რუსეთში გამომავალმა გაზეთმა „კომერსანტმა“, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის მთავრობათა წარმომადგენლები განიხილავენ ისეთ სქემას, რომელიც გამორიცხავს ქართველი მებაჟეების ყოფნას „განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტებზე, თუმცა, იმავდროულად, იძლევა შესაძლებლობას მიიღოს თბილისმა ყველა საჭირო ინფორმაცია საქონელბრუნვასთან დაკავშირებით:

„შეიძლება ასეთი გამოსავალი მოიძებნოს: რადგანაც საქართველოს არა აქვს არანაირი ინფორმაცია საზღვრებზე არსებული ვითარების შესახებ, ნაბიჯები სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგას. კერძოდ, რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბაჟო სამსახურებმა ცალმხრივად გამოაქვეყნონ ინფორმაცია საქონელბრუნვის შესახებ.“

გაზეთ „კომერსანტს“ ეს ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყებიდან მიაწოდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ, პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, 29 აპირლს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებას გარკვეული პოზიტიური ელემენტები ახლდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის თქმით, პოზიტიურ ნაბიჯად ითვლება ის, რომ დაიწყო კონკრეტული წინადადებების განხილვა და მხარეები გადავიდნენ შინაარსობრივ ნაწილზე.
გადაწყვეტილება მიღებულია! საუბარია გადაწვეტილებაზე, წელსვე მოეწეროს ხელი ვმო-ში რუსეთის შესვლას. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო...

თუმცა საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ მხარეების „შინაარსობრივ ნაწილზე“ გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დელეგაციამ რაიმე სახით პოზიციები დათმო. რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი ნიკო მჭედლიშვილი:

„ასეთ ვარიანტებს არ განვიხილავთ. საქართველოს მხარე კვლავ ითხოვს რეალურ საბაჟო კონტროლს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, საუბარია საერთაშორისო კონტროლსა და ჩართულობაზე.“

საქართველოს მხარის პოზიციის უცვლელობაზე საუბრობს მოლაპარაკებების უშუალო მონაწილეც. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს დელეგაციის წევრს, პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს თამარ კოვზირიძეს, რომელმაც მოლაპარაკების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკების ფორმატი არ იძლევა დეტალური განმარტებების საშუალებას.

თუმცა ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ვმო-ში შესვლის საკითხი გადაწყვეტილია. ამ მოსაზრებას გამოთქვამს ავსტრიელი პროფესორი ჰანს გეორგ ჰაინრიში, რომლის თქმითაც, გლობალურ პროცესში საქართველო დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის:
არა მგონია, რუსეთს საქართველო მაინცდამაინც ადარდებდეს. მათ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიანდეს ის, რომ ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე...

„გადაწყვეტილება მიღებულია! საუბარია გადაწვეტილებაზე, წელსვე მოეწეროს ხელი ვმო-ში რუსეთის შესვლას. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო. დისკუსიები კვლავაც გრძელდება ეკონომიკური საკითხების თაობაზე, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. არა მგონია, რუსეთს საქართველო მაინცდამაინც ადარდებდეს. მათ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიანდეს ის, რომ ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე.“

ავსტრიელი პროფესორი ხაზს უსვამს ამერიკის დაინტერესებას მიიღონ რუსეთი ვმო-ს რიგებში, რასაც ბოლო დროს არც მაღალი რანგის ამერიკელი მოხელეები მალავენ. 15 აპრილს, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკურ ინსტიტუტში გამოსვლისას, მაიკლ მაკფოლმა, პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სურვილია რუსეთი წელსვე გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. აღნიშნული საკითხის შესახებ თბილისში ყოფნისას სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ტინა კეიდანაუმაც ილაპარაკა:
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ტინა კეიდანაუ

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, თუმცა იმასაც ვითვალისწინებთ, რომ საქართველოს აქვს ლეგიტიმური წუხილი, რომელიც ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული.“

ტინა კეიდანაუმ გამოთქვა იმედი, რომ მოიძებნება ისეთი პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთის გაწევრიანებას ვმო-ში. სწორედ ამ პირობებისა და საქართველოს ლეგიტიმური წუხილის შეჯერებას შეეცდებიან რუსეთისა და საქართველოს დელეგაციები მოლაპარაკების მესამე რაუნდზე, რომელიც მაისის ბოლოს კვლავ შვეიცარიის ხელშეწყობით ჩატარდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG