Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითის საწინააღმდეგო კამპანია ვლადიკავკაზში


კოკოითი მშიშარა და მოღალატეა, კოკოითი ქურდია, კოკოითი - სასამართლოზე, ჯაბელიჩი პოლიტიკური გვამია - ამ შინაარსის წარწერები გაჩნდა ვლადიკავკაზის ქუჩებში.

წინასაარჩევნო კამპანია უკვე ძალაში შედის. გაერთიანებული ოპოზიცია მას ვლადიკავკაზიდან ახორციელებს, რადგან ცხინვალში ვერ ჩადის. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი კი რუსულ გამოცემებთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და ახალ პრეზიდენტს ქვეყნის მართვაში დაეხმარება. მისი აზრით, ოპოზიციას გამარჯვების შანსი არა აქვს, რადგან მისი წარმომადგენლები რესპუბლიკიდან ყველაზე მძიმე წუთებში გაიქცნენ. კოკოითის თქმით, ოპოზიციამ ჯერ ბოდიში უნდა მოიხადოს და მერე ეცადოს, რომ მათმა კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.

დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება. ცხინვალში უკვე ყველა ხვდება, რომ კოკოითი საკუთარ მემკვიდრედ ამჟამინდელ გენერალურ პროკურორს თეიმურაზ ხუგაევს დაასახელებს. ხუგაევი კოკოითის ძმის ცოლისძმაა. ბოლო დღეებში ყველა საჯარო ღონისძიებაზე ისინი ერთად ჩნდებიან. ექსპერტების აზრით, მათ ერთად დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანია.

კოკოითის მემკვიდრის მთავარი კონკურენტი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი იქნება. მოსკოვურ ოპოზიციას რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი ხელმძღვანელობს და მას საპრეზიდენტო ამბიციაც აქვს. თედეევი ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მას სამხრეთ ოსეთში არ უცხოვრია, რაც არჩევნებზე კონსტიტუციური შეზღუდვაა. ამის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ახსარ კოჩიევი, კოკოითის დიქტატორს და ტირანს უწოდებს. მისი თქმით, აგვისტოს ომის დროს ცხინვალიდან სწორედ კოკოითი გაიქცა და, პირველ რიგში, ხალხთან ბოდიში მას აქვს მოსახდელი.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად დე ფაქტო რესპუბლიკაში ვითარება სულ უფრო იძაბება. ისიც აღსანიშნავია, რომ პარტიები და საინიციატივო ჯგუფები პრეზიდენტობის კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობენ. ამჟამად ის არის ცნობილი, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა დიმიტრი ტასოევმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ მის პარტიას დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაცია შეუჩერა.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროების ინფორმაციით, საპრეზიდენტო ამბიციები აქვთ დიმიტრი მედოევს, ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის ელჩს რუსეთის ფედერაციაში, დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს თეიმურაზ ხუგაევს, დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელს ანატოლი ბიბილოვს, კოკოითის მრჩეველს ახალგაზრდობის საკითხებში ელეონორა ბედოევას და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს ჯამბოლათ თედეევს. ექსპერტების აზრით, კანდიდატების დასახელება აგვისტოდან დაიწყება.
XS
SM
MD
LG