Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსურმა ოპოზიციამ გაერთიანება მოახერხა


საპროტესტო აქცია ვლადიკავკაზში
საპროტესტო აქცია ვლადიკავკაზში
კოკოითის ოპოზიცია დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილი რეფერენდუმის ჩაშლით იმუქრება.

რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები შედიან, ხელმოწერების შეგროვება დაამთავრა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა, კომისიამ კი დოკუმენტაცია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს და უმაღლეს სასამართლოს გადაუგზავნა. სწორედ მათი თანხმობის შემდეგ უნდა გაიმართოს რეფერენდუმი.

საერთო სახალხო გამოკითხვაზე თვითაღიარებული რესპუბლიკის მცხოვრებლებმა უნდა განსაზღვრონ, უნდათ თუ არა, რომ ერთმა და იმავე პირმა ზედიზედ სამჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე და სურთ თუ არა, რომ ოსურთან ერთად სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადდეს.

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კოკოითიმ არაერთი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს, მაგრამ მისი თანამოაზრეების ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს სხვა რამეზე მეტყველებს.

ამასობაში ოსური ოპოზიციაც გააქტიურდა. რამდენიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გაერთიანება შეძლო და ამ გაერთიანებას „სახალხო ფრონტი“ უწოდა. „სახალხო ფრონტმა“, რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგ და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, პირველი საპროტესტო აქცია ვლადიკავკაზში გამართა. აქციას რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი (მეტსახელად დიკი) ხელმძღვანელობდა.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ვლადიკავკაზში ჩასულმა დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებმა მიიღეს, რომლებმაც კოკოითის ხელისუფლება გააკრიტიკეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. აქციაზე გამოტანილი ტრანსპარანტები ასეთი შინაარსის იყო: „გვინდა კოკოითისგან გათავისუფლება“, „კოკოითი ჩვენი თავისუფლების მკვლელია, ის უნდა წავიდეს“, „მხოლოდ სამართლიანი არჩევნები გადაარჩენს ოსეთს.“

როგორც ოსი ჟურნალისტები იუწყებიან, ვლადიკავკაზის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე 1 000-მდე ადამიანი მივიდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სოსლან კოკოევი, ამბობს, რომ საპროტესტო აქციის მთავარი შედეგი ოპოზიციის გაერთიანებაა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ჯამბოლათ თედეევი, ჩვენს რადიოსთან საუბარში ამბობს, რომ კოკოითის კონსტიტუციის დარღვევისა და რეფერენდუმის ჩატარების უფლებას არ მისცემს. ჯამბოლათ თედეევმა აქციაზე განაცხადა, რომ თუ საზოგადოება მას მხარს დაუჭერს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით, პრეზიდენტობის მსურველი პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში თვითაღიარებულ რესპუბლიკაში უნდა იყოს ნაცხოვრები. თედეევი რუსეთის მოქალაქეა და იქ მუშაობს. იგი არ აკონკრეტებს როგორ მიიღებს ამ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას. აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამის შემდეგ მიტინგები ცხინვალში გაიმართოს.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად დე ფაქტო რესპუბლიკაში ვითარება იძაბება. რამდენიმე კვირის წინ იქ თედეევის გამოჩენას სროლა მოჰყვა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თედეევს პუტინის მხარდაჭერა აქვს და კრემლში კოკოითის მიმართ განწყობა ნეგატიურისკენ იცვლება. ექსპერტების აზრით, ამის ერთ-ერთი ნიშანი ისიცაა, რომ კრემლმა ვანუატუს რესპუბლიკას მხოლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებინა, სამხრეთ ოსეთს კი იგნორირება გაუკეთა.

ყველაფრის მიუხედავად, კოკოითი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოს რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობის მისაცემად ორკვირიანი ვადა აქვს. ამის შემდეგ კი მისი დანიშვნა უკვე კოკოითის საქმეა.
XS
SM
MD
LG