Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებული პროვოკაცია ცხინვალის ცენტრში


ცხინვალი
ცხინვალი
ცხინვალის ცენტრში გუშინ საღამოს სროლის ხმა ისმოდა. დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავების ინფორმაციით, ავტომობილის კორტეჟიდან, რომელშიც რუსი სპორტსმენები იმყოფებოდნენ, ადგილობრივ მილიციას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს. ოსური საინფორმაციო სააგენტოების მტკიცებით, მანქანაში იმყოფებოდნენ რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლატ თედეევი (მეტსახელად დიკი), დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ არა ცხინვალელი ძალოვანების თავშეკავება, სისხლისღვრის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა. ინციდენტის შემდეგ რუსი სპორტსმენების კორტეჟმა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორია დატოვა. დღეს ოსურმა სააგენტოებმა ინტერნეტში გაავრცელეს ვიდეომასალა, საიდანაც ჩანს, რომ ერთ–ერთი მანქანიდან სამართალდამცავებს შუა თითს უჩვენებენ და ოსურ ენაზე დედის გინება ისმის. ოსური მედიის ცნობით, ამას ჯამბოლატ თედეევი აკეთებს, თუმცა კადრებში მისი სახე არ ჩანს. იმავე კადრებში ისიც ჩანს, რომ უცხოური მანქანების კორტეჟს შეიარაღებული პირები დასდევენ. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ რუსეთის ელჩი დე ფაქტო რესპუბლიკაში ელბრუს კარგიევი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. კოკოითის ხელისუფლება ამ ეტაპზე შეფასებებისგან თავს იკავებს. ცხინვალში მომხდარი შეიარაღებული პროვოკაცია რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ინციდენტის სრულიად განსხვავებულ ვერსიას ჰყვება მანქანაში მყოფი მიხეილ მამიაშვილი. რუსული სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუში იგი აცხადებს, რომ პროვოკაცია კოკოითის ხელისუფლების ძალოვანი უწყებების მხრიდან დაიწყო, როცა კორტეჟის გამოჩენისას მათ ჰაერში უმისამართო სროლა დაიწყეს. მამიაშვილის ინფორმაციით, ცხინვალში თედეევის მამის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, თან წაყვანილი ჰყავდათ დაღესტნელი ახალგაზრდა მოჭიდავეები, რომლებმაც ოს თანატოლებთან საჩვენებელი წვრთნები გამართეს, ღონისძიებების დასრულების შემდეგ კი მათი მანქანების კორტეჟი ბლოკირებული იქნა 7 მანქანით, საიდანაც შეიარაღებული ხალხი გადმოვიდა და სროლა ატეხა. მამიაშვილის აზრით, პროვოკაცია ჯამბოლატ თედეევის წინააღმდეგ იყო მიმართული.

წელს, ნოემბერში, დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ჯამბოლატ თედეევი რუსეთში კოკოითის ოპოზიციური დაჯგუფების ერთ–ერთი ლიდერია. ამ ჯგუფს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ეყოლება. კოკოითის ოპოზიციას ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ მიიღებს მათი მხრიდან არჩევნებში მონაწილეობას. საკუთარ კანდიდატს ედუარდ კოკოითიც ამზადებს. როგორც ცნობილია, კოკოითის და თედეევს არა მარტო პოლიტიკური, არამედ პირადი დაპირისპირებაც აქვთ. თავის დროზე კოკოითის გამარჯვებაში ძმებმა თედეევებმა - მეტსახელად დიკებმა - დიდი როლი ითამაშეს, მაგრამ შემდეგ მათ შორის დაპირისპირება დაიწყო. ისიც ცნობილია, რომ კოკოითის დიკებმა არაერთხელ სცემეს კიდეც.

რადიო თავისუფლება მოსკოვური ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერს, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ გენერალურ პროკურორს ახსარ კოჩიევს დაუკავშირდა. მისი თქმით, კოკოითი დიქტატორია და ცხინვალში დემოკრატიის შესახებ საუბარი ზედმეტია. კოჩიევის აზრით, კოკოითის თედეევის ძალიან ეშინია და პროვოკაციას უწყობს. თედეევი კი საზოგადოებას მალე დაანახვებს კოკოითის ნამდვილ სახეს.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ცხინვალში მომხდარ ინციდენტს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში განიხილავს. მისი აზრით, ორ გუნდს შორის ბრძოლა უკვე დაიწყო და ამ ბრძოლაში იარაღის ჟღარუნი მუდმივად იქნება.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული კანდიდატები ჯერ არ დასახელებულა, ცხინვალში საარჩევნო მარათონი უკვე დაიწყო. ეს მარათონი რომ ძალადობის გარეშე არ ჩაივლის, ბოლო ერთმა კვირამაც ცხადყო. შაბათს ადგილობრივმა ძალოვანებმა ომის დროს დაზარალებულთა აქცია დაარბიეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ აქციის მონაწილეები მოსკოვური ოპოზიციის ლიდერების მიერ იმართებიან. გუშინ კი ცხინვალის ცენტრში შეიარაღებული პროვოკაცია მოხდა. ცხინვალში მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კოკოითი საკუთარ მემკვიდრედ დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელ გენპროკურორს თეიმურაზ ხუგაევს ამზადებს, ოპოზიცია კი მოსკოველ ბიზნესმენს ალბერტ ჯუსოევს უჭერს მხარს. ჯუსოევის გარშემო კოკოითიზე განაწყენებული ხალხია შეკრებილი. მათ შორისაა ჯამბოლატ თედეევი, რომელსაც პუტინთან ახლო ურთიერთობა აქვს.
XS
SM
MD
LG