Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ჩირიკოვი: მზად ვართ ავხსნათ, რომ ჩვენი ფოტოგრაფის საქმიანობა კრიმინალური არ ყოფილა


ზურაბ ქურციკიძე
ზურაბ ქურციკიძე
7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების ამბის გაშუქებისას მედია ხშირად ახსენებს ისეთ ჟურნალისტურ ტერმინებს, როგორიცაა ”სტრინგერი”, ”პული”, რომელთა მნიშვნელობა საზოგადოებისათვის ბოლომდე ნათელი არ არის. ბევრს საუბრობენ ტელევიზიით გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზეც, რომელშიც ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფს, ირაკლი გედენიძეს, და ასევე გაზეთ ”ალიას” და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორს, გიორგი აბდალაძეს, ფრანკფურტში, EPA-ს სათავო ოფისში საბანკო რეკვიზიტების გადაგზავნას სთხოვს, რათა თავიანთ მიერ გადაღებული ფოტოებისათვის ჰონორარი აიღონ. ფოტორეპორტიორების საქმეში ფიგურირებს მოსკოვიც, სადაც EPA-ს ერთ-ერთი ბიურო მდებარეობს.

ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტოს მთავარ ფოტოგრაფს რუსეთში, სერგეი ჩირიკოვს, ესაუბრა.
ეს სიტყვა - სტრინგერი - ჩვენი პროფესიული სლენგია, რაც უშტატო თანამშრომელს ნიშნავს. სტრინგერი ყველას ჰყავს, მათ გარეშე შეუძლებელია მუშაობა...

ვინ არის ”სტრინგერი” და როგორ მუშაობს ის? - ვკითხეთ ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტოს მთავარ ფოტოგრაფს რუსეთში, სერგეი ჩირიკოვს. ის გვპასუხობს, რომ სტრინგერი - ეს არის ადამიანი, რომელიც კონკრეტული სააგენტოსათვის ან სხვა მედიაორგანიზაციისათვის უშტატოდ მუშაობს, დროდადრო იღებს ფოტოებს, წერს სტატიებს და უგზავნის მედიაორგანიზაციას. სტრინგერები ჰყავს ნებისმიერ სააგენტოს, გვიხსნის ჩირიკოვი, რადგან, როგორც წესი, სააგენტოების რეგიონალურ ბიუროებში სულ რამდენიმე შტატიანი თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ყველაფრის გადაღებას ვერ ასწრებენ:

”სააგენტოების რეგიონალური ბიუროების შტატს სულ რამდენიმე ადამიანი შეადგენს. რადგან ხშირად მოვლენები უფრო მეტია და შტატიანი თანამშრომლები ყველაფრის გადაღებას ვერ ასწრებენ, სწორედ ასეთ დროს მიმართავენ სტრინგერებს, რომლებმაც შეძლეს კონკრეტული ამბის გადაღება. ანუ ეს სიტყვა - სტრინგერი - ჩვენი პროფესიული სლენგია, რაც უშტატო თანამშრომელს ნიშნავს. სტრინგერი ყველას ჰყავს, მათ გარეშე შეუძლებელია მუშაობა. აი, მაგალითად, რუსეთში ჩაიძირა თბომავალი. ჩვენ იქ არ გვყავდა ჩვენი ფოტოგრაფი. ამიტომ ვუკავშირდებით იმ ადამიანებს, ვინც გადაღება შეძლო ან შეეძლო გადაეღო და მოვლენების ეპიცენტრთან ახლოს აღმოჩნდა.”
ხანდახან ხდება ისე, რომ შემთხვევის ადგილას შეზღუდულია სივრცე... ამ დროს ამბობენ ხოლმე, პულით ვიღებთო - ანუ იღებს ერთი ადამიანი და ამ ფოტოს აძლევს ყველა დანარჩენ სააგენტოს...

ჟურნალისტების წრეში ასევე პროფესიული ტერმინია ე.წ. ”პული” (pool). მას ორი მნიშვნელობა აქვს, განმარტავს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სერგეი ჩირიკოვი. ეს არის ჟურნალისტების ჯგუფი, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის აპარატთან ან პარლამენტთან. შესაბამისად, არსებობს ე.წ. პარლამენტის პული, პრეზიდენტის პული თუ პრემიერ-მინისტრის პული. მაგალითად, პრეზიდენტის პულში იგულისხმება ფოტოგრაფები ან ჟურნალისტები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა მედიასაშუალებას, ტელევიზიას, გაზეთს, ფოტოსააგენტოს თუ რადიოს და აქტიურად აშუქებენ პრეზიდენტის საქმიანობას და მის გარშემო ყველა მიმდინარე ამბავს.

”პულს აქვს მეორე მნიშვნელობაც - პული ნიშნავს ფოტოსურათს. ხანდახან ხდება ისე, რომ შემთხვევის ადგილას შეზღუდულია სივრცე, არ არის საკმარისი ადგილი და იქ ვერ შეუშვებენ გადაღების მსურველ ყველა ფოტოგრაფს. ასეთ დროს მათი რაოდენობა შეზღუდულია. ამ დროს ამბობენ ხოლმე, პულით ვიღებთო - ანუ იღებს ერთი ადამიანი და ამ ფოტოს აძლევს ყველა დანარჩენ სააგენტოს.”

რაც შეეხება ფულადი გადარიცხვების საკითხს - ანუ როგორ უნაზღაურებდა სააგენტო ფოტოგრაფებს ჰონორარებს და რა სისტემით თანამშრომლობდა სტრინგერებთან. სერგეი ჩირიკოვი ხაზს უსვამს, რომ EPA-ს სურს ეს საკითხი აბსოლუტურად სწორად იქნეს გაგებული:
გედენიძის სულ ბოლო ფოტოები, რომლებიც ჩვენ გამოვიყენეთ, ასახავს 26 მაისის აქციის დარბევას. ეს იყო ჩვენთვის მოცემული მისი უკანასკნელი ფოტოები, რომლებიც არ ეხებოდა პრეზიდენტის საქმიანობას...

”პრეზიდენტის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე დამოუკიდებლად, ჩვენი სააგენტოს თხოვნის გარეშე, საერთო ფოსტით უგზავნიდა ყველა სააგენტოს საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფოტოებს და ასეთი ფოტოები იყო საკმაოდ ბევრი. ის ძალიან აქტიურად მუშაობდა. თუმცა ჩვენ ყველა ფოტოს არ ვიყენებდით. სულ თავიდან ეს ფოტოები იგზავნებოდა მოსკოვის ბიუროში, მაგრამ შემდეგ ჩვენ ვთხოვეთ ზურას, რომ მას მიეღო ეს ფოტოები და ფრანკფურტში, ჩვენს სათავო ოფისში გადაეგზავნა, რასაც ის ბოლო დრომდე აკეთებდა კიდეც. საქართველოში არსებული სისტემის მიხედვით, და ანალოგიური სისტემა მუშაობს უკრაინაშიც, სააგენტო თითო ასეთ ფოტოში იხდის 20 დოლარს და ამ თანხას იღებდა ირაკლი გედენიძე. ჩვენ მას ნაღდი ფულით ვუხდიდით, სხვა სააგენტოები კი, როგორც ვიცი, გადარიცხვით. თუ არ ჩავთვლით ბოლო გადარიცხვას, ნაღდი ფულით ბოლოს, როგორც მახსოვს, გასული წლის შემოდგომაზე გადავუხადეთ გედენიძეს ფოტოებისათვის. ამ ფულს მას ზურას ხელით ვაძლევდით, ის კი ხელწერილით ადასტურებდა, რომ თანხა მიიღო.

პრეზიდენტის ფოტოების გარდა, მის სხვა თემატიკის ფოტოებს ჩვენ ძალზე იშვიათად ვიყენებდით. გედენიძის სულ ბოლო ფოტოები, რომლებიც ჩვენ გამოვიყენეთ, ასახავს 26 მაისის აქციის დარბევას. ეს იყო ჩვენთვის მოცემული მისი უკანასკნელი ფოტოები, რომლებიც არ ეხებოდა პრეზიდენტის საქმიანობას. ის ჩვენ გვეხმარებოდა, რადგან ეს იყო ძალიან ხმამაღალი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რამე უკანონობა ჩავიდინეთ ამით. მით უმეტეს, რომ ამ მოვლენას ყველა იღებდა და ეს იყო იმ პერიოდში ქვეყნის ცენტრალური მოვლენა. ჩვენ იმიტომ კი არ ვიღებდით ამ ყველაფერს, რომ მიზანმიმართულად გვინდოდა ვინმეს რეპუტაციის შელახვა, ეს ნებისმიერი ჟურნალისტის მოვალეობაა ასახოს ის, რაც ქვეყანაში ხდება. სწორედ ამ პრინციპით იღებდა ყველა სააგენტო ვარდების რევოლუციას.”


სერგეი ჩირიკოვი ასევე მოგვითხრობს, რომ სააგენტო EPA-ს გედენიძის ვალი დაუგროვდა. ამ ვალზე, ჩირიკოვის თქმით, თავად ირაკლი გედენიძე დიდად არ წუხდა, განსხვავებით მისგან, რადგან ჩირიკოვს სურდა სააგენტოს ფინანსების სისტემა მოეწესრიგებინა და ყველა გადახდა ყოფილიყო საბანკო გადარიცხვით და არა ნაღდი ფულით - გამჭვირვალედ და ანაზღაურების აბსოლუტურად ლეგალური სისტემით.

”ჩვენ დავურეკეთ ზურას და ვთხოვეთ გაეგო, მოსახერხებელი იქნებოდა თუ არა ჩვენი სტრინგერებისათვის თანხის გადარიცხვა მათ პირად ანგარიშზე. ზურაბმაც გაიგო ეს და გვითხრა, რომ პრობლემა არ იყო. შემდეგ მას ვთხოვეთ, რომ ფოტოგრაფებს თავიანთი საბანკო რეკვიზიტები გამოეგზავნათ. ჩვენ რამდენიმე ფოტორეპორტიორთან ვთანამშრომლობდით, მათ შორის - გია აბდალაძესა და ირაკლი გედენიძესთან. ზურამ ორივეს დაურეკა. სწორედ ეს საუბრები ჩაიწერეს, თუმცა ჩვენ ამ საუბრებში ვერანაირ კრიმინალს ვერ ვხედავთ. მან მხოლოდ საბანკო რეკვიზიტები ითხოვა. ჩვენ მივიღეთ ეს რეკვიზიტები, დავურთეთ ჰონორარებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და 5 ივლისს გადავაგზავნეთ ფრანკფურტში, ჩვენს სათავო ოფისში, რომ იქიდან საბანკო ანგარიშებზე გადაერიცხათ მათი კუთვნილი ჰონორარი. სხვათა შორის, გიას არ გამოუგზავნია არანაირი რეკვიზიტი, საუბარია მხოლოდ ირაკლი გედენიძის საბანკო ანგარიშზე.”
ხანდახან ზურა მოსკოვშიც ჩამოდიოდა და გვეხმარებოდა გადაღებებში, ისევე როგორც მე ვიყავი ჩამოსული თბილისში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ზურასთან ერთად ქართული მხრიდან ვაშუქებდი მოვლენებს...

ზურაბ ქურციკიძე, რომელიც ევროპის ფოტოსააგენტოს შტატიანი ფოტორეპორტიორია, ჩირიკოვის განცხადებით, თავად ჩადიოდა ფრანკფურტში და მთელი წლის საქმიანობისათვის საჭირო თანხას - ავანსს - სწორედ იქ იღებდა. მას თბილისში ცალკე ოფისი არ ჰქონია და მუშაობდა სახლიდან:

”მე ზუსტად არ ვიცი საბუღალტრო დეტალები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის თავად ჩადიოდა ფრანკფურტში, სადაც ავანსს აძლევდნენ, ანუ მთელი წლის ფულს. ეს ავანსი იყო იმისათვის, რომ ზურას გადაეხადა სტრინგერებისათვის, დაეფარა სამივლინებო და, საერთოდ, ბიუროს ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები.”

სერგეი ჩირიკოვი ამბობს, რომ მოსკოვში EPA-ს არანაირი ადმინისტრაციული განყოფილება არ არსებობს. ყველა თანამშრომელს კონტრაქტი გაფორმებული აქვს ფრანკფურტთან. მოსკოვიდან უბრალოდ უფრო მოსახერხებელია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ჟურნალისტებთან ურთიერთობა და, ჩირიკოვის თქმით, მოსკოვის ოფისი პასუხისმგებელია მოვლენების გაშუქებაზე აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, მაგრამ არა ყველა ქვეყანაში. იქ მიმდინარე მოვლენების გადაღება უწევდა ზურა ქურციკიძესაც. ხანდახან ის მოსკოვის ოფისსაც ეხმარებოდა გადაღებებში.

”ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ზურამ ცუდად იცის ინგლისური და ფრანკფურტის ოფისისათვის კი უფრო მოსახერხებელი იყო, რომ ჩვენ გვქონოდა მეტი კომუნიკაცია. ხანდახან ზურა მოსკოვშიც ჩამოდიოდა და გვეხმარებოდა გადაღებებში, ისევე როგორც მე ვიყავი ჩამოსული თბილისში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ზურასთან ერთად ქართული მხრიდან ვაშუქებდი მოვლენებს. ეს კოლეგების ერთობლივი მუშაობაა. ხოლო რაც შეეხება ფოტოების გადაგზავნის წესს, 90%-ის შემთხვევაში ზურა ფოტოებს გზავნიდა ფრანკფურტში.მხოლოდ ცაიტნოტის შემთხვევაში გვიგზავნიდა ჩვენ, მოსკოვში, და, დროის უქონლობის გამო, გვთხოვდა ჩვენ გაგვეკეთებინა ფოტოზე მინაწერი. მაგრამ ეს იყო გამონაკლისი შემთხვევები."

როგორია ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტოს გეგმები, რას აპირებს EPA? სერგეი ჩირიკოვის თქმით, სააგენტოს მთავარ რედაქტორს სენგიზ სერენს აქვს მედიასთან კავშირი. ამ ეტაპზე სააგენტოში გროვდება და მზადდება გადარიცხვებთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია:
ზურას საქმიანობა რომ გავაანალიზოთ, რომ გადავხედოთ ჩვენს ვებგვერდს, ვნახავთ, არაფერი საქართველოს შეურაცხმყოფელი იქ არ დევს...

”ვფიქრობ, ემზადებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შესახვედრად. ჩვენ მზად ვართ ავხსნათ, რომ ჩვენი ფოტოგრაფის საქმიანობა არ ყოფილა კრიმინალური ხასიათის და არც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. პირიქით, ევროპის პრესფოტოსააგენტოს პოლიტიკა ისეთია, რომ ჩვენ ვმოქმედებთ იმ ქვეყნის კანონების დაცვით, რომელშიც გვყავს ჩვენი წარმომადგენელი და თან არა უცხოელი, არამედ ადგილობრივი, იმ ქვეყნის მოქალაქე. სააგენტო მათ ენდობა. ზურას საქმიანობაც რომ გავაანალიზოთ, რომ გადავხედოთ ჩვენს ვებგვერდს, ვნახავთ, არაფერი საქართველოს შეურაცხმყოფელი იქ არ დევს, პირიქით, ის ხშირად იღებდა რელიგიურ, სახალხო დღესასწაულებს, ქართული ტრადიციების ამსახველ ფოტოებს, ყველა იმ სილამაზეს, რაც საქართველოშია - ფაქტობრივად, რეკლამას უკეთებდა ქვეყანას და ამიტომ საერთოდ არ მჯერა, რომ ზურას შეეძლო შეგნებულად ემუშავა საქართველოს წინააღმდეგ."
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG