Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ჰომოსექსუალთა უფლებების შესახებ დისკუსიაში კონსერვატორი ამერიკელები ჩაერთნენ


სკოტ ლაივლი
სკოტ ლაივლი
მოლდავეთის პარლამენტში განსახილველად შესული ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ირგვლივ მწვავდება დაპირისპირება რელიგიურ კონსერვატორებსა და ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს შორის. კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას სქესის, ეთნიკურობის ან სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. კანონპროექტის ოპონენტებმა პოზიციების გასაძლიერებლად საქმეში ამერიკელი კონსერვატორი ფიგურები ჩართეს.

როცა მოლდავეთის მთავრობამ პარლამენტს გასულ თვეში ანტიდისკრიმინაციული კანონი წარუდგინა განსახილველად, კონსერვატორმა მართლმადიდებლებმა ეს ბრძოლის გამოცხადებად აღიქვეს. ამ ბრძოლას კი სათავეში ამერიკელი პასტორი და ადვოკატი სკოტ ლაივლი ჩაუდგა, რომელიც კიშინიოვში ჩავიდა და ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონების წინააღმდეგ გაილაშქრა.

კანონპროექტი კრძალავს ინდივიდების დისკრიმინაციას რელიგიური კუთვნილების, ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, ენის, რასობრივი კუთვნილების, სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულებების თუ სოციალური სტატუსის საფუძველზე. კანონპროქტის ინიცირება ევროკავშირთან დაახლოებისთვის მოლდავეთის მცდელობის ნაწილი იყო.

ამერიკელი პასტორი, რომლის გამოსვლები აშშ-შიც საკამათოდ ითვლება, ჰომოსექსუალობას „არჩევანს“ უწოდებს, რომელსაც მძიმე საზოგადოებრივი შედეგები მოჰყვება. ლაივლიმ კარიერა ბოლო წლებში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობით და ჰომოსექსუალთა უფლებების წინააღმდეგ გამოსვლებით გაიკეთა. მისი ვებსაიტის თანახმად, ლაივლი 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოვიდა სიტყვით.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლაივლიმ მოლდავეთში ვიზიტის მიზნები ასე ახსნა: „ასეთ კანონებთან მთელ მსოფლიოში მიწევს შეხება. მე ვთვლი, - და ამას ლექციებსა და ინტერვიუებშიც ვამბობ, - რომ სექსუალურ ორიენტაციაზე დამყარებული ანტიდისკრიმინაციული კანონი არის თესლი, რომელიც შეიცავს ჰომოსექსუალთა პოლიტიკური გეგმების მთელ ხეს, თავისი შხამიანი ნაყოფით. თუ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ამოქმედებას დაუშვებ, კანონების და მთავრობის ძალა ჰომოსექსუალ აქტივისტებს ჩაუვარდებათ ხელში და ის ადამიანები, რომლებიც ჰომოსექსუალობას არ ამართლებენ, კრიმინალები გახდებიან.“

მეცნიერთა უმრავლესობამ უკვე დიდი ხანია უარყო მოსაზრება, რომ სექსუალური ორიენტაცია პირადი „არჩევანია“. ჰომოსექსუალობას არც ავადმყოფობად მიიჩნევენ. მეცნიერების უმეტესობა თვლის, რომ ჰომოსექსუალობა ბიოლოგიური, კოგნიტური და გარემომცველი პირობების შედეგია, რომელშიც ბუნება - ბიოლოგია - დიდ როლს თამაშობს. „არჩევნის“ შესახებ მოსაზრებას საკუთრივ ჰომოსექსუალთა დიდი უმრავლესობაც გადაჭრით უარყოფს და აცხადებს, რომ მათი სექსუალობა ბუნებრივი, ბიოლოგიური მდგომარეობაა.

თუმცა, ჰომოსექსუალობის შესახებ მცდარი წარმოდგენები და ნეგატიური სტერეოტიპები ბევრ საზოგადოებაში კვლავ ძლიერია - რასაც, როგორც წესი, ინფორმაციის ნაკლებობა და ირაციონალური შიშები იწვევს. სკოტ ლაივლის სწორედ ამგვარი შიშებით მანიპულაციაში და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ როგორც მოლდაველი, ისე უცხოელი უფლებადამცველები.

ლაივლი მოლდავეთში იანვარში დაპატიჟა ორმა კონსერვატიულმა ორგანიზაციამ - „პრო ფამილიამ“ და „მოლდოვა კრესტინამ“.

რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურთან საუბრისას „პრო ფამილიას“ ვიცე-პრეზიდენტი, ვიტალი მარიანი ფაქტობრივად ამერიკელი პასტორის იდენტური განცხადებით გამოვიდა: “ანტიდისკრიმინაციული კანონი მხოლოდ თესლია. ქვეყანაში დანერგვის შემდეგ ის ხედ გადაიქცევა, რომელიც შხამიან ნაყოფს გამოიღებს“ - განაცხადა მან და დასძინა: „ბატონმა ლაივლიმ ღიად გვითხრა, ეს კანონი მხოლოდ დასაწყისია, შემდეგ კი ჰომოსექსუალები უფლებებს მიიღებენ - პირველ რიგში, საჯარო დემონსტრაციების ჩატარების უფლებასო“.

ლაივლის ვიზიტის შემდეგ, „პრო ფამილიამ“ იმ მოლდაველი საჯარო პირების „შავი სია“ შეადგინა, რომლებიც ჰომოსექსუალთა უფლებებს უჭერენ მხარს. სიაში რამდენიმე პარლამენტარი და სახელმწიფო ტელევიზიის თავმჯდომარე მოხვდნენ. პირებმა, რომლებსაც სურთ, რომ ამ სიიდან მათი სახელი ამოღებულ იქნეს, წერილობითი განცხადება უნდა წარადგინონ, რომელშიც გაემიჯნებიან ანტიდისკრიმინაციულ ზომას.

ლაივლი, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს, თანაავტორია სკანდალური წიგნისა „ვარდისფერი სვასტიკა“, რომელიც ამტკიცებს, რომ ნაცისტურ პარტიაში ჰომოსექსუალობის არსებობამ მოიტანა უკიდურესი მილიტარიზაცია და ექსტრემიზმი. წიგნი ფართო კრიტიკის საგანი გახდა როგორც დაუდასტურებელი, სახიფათო მითების გამავრცელებელი ტექსტი. წიგნს განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი და მტკივნეული ელფერი იმ გარემოებამ შესძინა, რომ ერთ-ერთი ჯგუფი, რომელსაც ნაცისტური რეჟიმი განსაკუთრებული მასშტაბით და სისასტიკით ანადგურებდა, სწორედ ჰომოსექსუალები იყვნენ.

ლაივლიმ ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ მიმართული, ფართოდ გაკრიტიკებული კანონპროექტის შედგენაში უგანდაში. კანონპროექტი ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას და, თავდაპირველ ვერსიაში, ზოგიერთი ჰომოსექსუალის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.

ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ სექსუალური უმცირესობების პროგრამის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბორის დიტრიხი ახლახან დაბრუნდა აშშ-ში მოლდავეთიდან, სადაც მან ლაივლის ვიზიტის შედეგები უფლებადამცველებთან განიხილა. მისი თქმით, ამერიკელმა პასტორმა მცდარი ინფორმაციის გავრცელებით შიშის დანერგვა თუ გაძლიერება სცადა: „მან მოლდავეთში იგივე ამბები ჩაიტანა, რასაც უგანდაში ჰყვებოდა - რომ თუ ანტიდისკრიმინაციულ კანონს დაამტკიცებენ, საზოგადოების ჰომოსექსუალიზაცია მოხდება, ჰომოსექსუალები გაძლიერდებიან და ეს ძალიან საშიში იქნება.“

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მოქმედი ქრისტიანული კოლეჯის ასოცირებული პროფესორი უორენ თროკმორტონი ლაივლის ნაბიჯებს დიდი ხანია თვალს ადევნებს და, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენლის მსგავსად, მას ისიც არასწორი ინფორმაციით შიშის დანერგვაში და აუდიტორიის მანიპულაციის მცდელობაში ადანაშაულებს. კერძოდ კი იმ მცდარი მოსაზრების გამყარებაში, თითქოს ჰომოსექსუალობა აუცილებლად უკავშირდება პედოფილიას: „უგანდაში მან დიდი შიში დანერგა. მაგალითად, ხალხს ეუბნებოდა, ჰომოსექსუალებს ბავშვები აინტერესებთ და მათთან კანონებით ბრძოლა თქვენი ბავშვების დასაცავად გჭიდებათო.“

საინტერესოა, რომ ლაივლი არ არის ჰომოსექსუალთა უფლებების კრიტიკით ცნობილი პირველი ამერიკელი, რომელიც მოლდავეთს ესტუმრა. მანამდე იქ ჩავიდა ამერიკელი ფსიქოლოგი პოლ კამერონი,რომელიც თავის შრომებში ასევე ილაშქრებს ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ.

უფლებადამცველების თქმით, ლაივლის და კამერონის მსგავსი ფიგურების მესიჯი საკუთრივ აშშ-ში დიდწილად დისკრედიტებულია. „სკოტ ლაივლის და პოლ კამერონის მსგავსი ფიგურები - ცნობილი ჰომოფობები - აშშ-ის ძლიერ დისკრედიტაციას ახდენენ“ - ამბობს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის - „გლობალური თანასწორობის“ - საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ჯული დორფი და დასძენს - „ბოლო წლების განმავლობაში ისინი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ, სიძულვილის ექსპორტს ეწევიან და ავრცელებენ სრულ სიცრუეს და არასწორ წარმოდგენებს ჰომოსექსუალების შესახებ. ეს ადამიანები თავიანთი საერთაშორისო აუდიტორიის სუსტ წერტილებს და ზოგჯერ მათ არაინფორმირებულობას იყენებენ და ხალხს ჰომოსექსუალობის აღმოფხვრის იდეით აღაგზნებენ.“

მოლდავეთის პარლამენტში შესული კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღეს, თუმცა ახლა მისი განხილვა შეჩერებულია. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენლის თქმით, მსგავსი კანონპროექტი, რომელიც, სხვა ნიშნებთან ერთად, სექსუალური ორიენტაციის საფუძველზეც კრძალავს დისკრიმინაციას, უკვე დაამტკიცეს რეგიონის სხვა ქვეყნებში - ალბანეთში, მაკედონიაში, ხორვატიაში. მოლდავეთში კი, როგორც ჩანს, დისკრიმინაციასთან ბრძოლისთვის კანონიერი საფუძვლის შექმნა გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესი იქნება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG